მიხეილ სარჯველაძე: არაფერი მოულოდნელი და უცნაური არ ხდება იმაში, რომ ზამთრის სეზონზე მატულობს გრიპის გავრცელება, ეს ბუნებრივი პროცესია. ხშირია არაერთგვაროვანი განცხადებები, რომელიც შეიძლება გარკვეულ პანიკასაც იწვევდეს
არაფერი მოულოდნელი და უცნაური არ ხდება იმაში, რომ ზამთრის სეზონზე მატულობს გრიპის გავრცელება, ეს ბუნებრივი პროცესია, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, ხშირია არაერთგვაროვანი განცხადებები, რომელიც შეიძლება გარკვეულ პანიკასაც იწვევდეს.
„წინა წლებთან შედარებით, არაფერი არანორმალური არ ხდება, აბსოლუტურად ნორმაშია ყველა მაჩვენებელი. ის, რომ ზამთარში მოსალოდნელია გრიპის გავრცელების მაჩვენებლების გაზრდა, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია. ჩვენ ვაკვირდებით მონაცემებს, რომელსაც ვადარებთ სხვა ქვეყნებში ინფექციების გავრცელებას წინა წლებთან შედარებით და ის კონტროლს ექვემდებარება. არაფერი გვაქვს დღეს ნორმიდან ამოვარდნილი და არაფერი მოასწავებს, რომ შეიძლება ისეთი რამე მოხდეს, რომელიც ზედმეტ დატვირთვას გამოიწვევს სექტორისთვის.
მთელი სისტემა, მედიკამენტების ბაზრით დაწყებული, დამთავრებული ჰოსპიტალურ სექტორში არსებული საწოლების რაოდენობით, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის რომ გამოწვევას გაუძლოს. ეს გამოწვევა, რომელიც სტანდარტულად, ყოველთვის არსებობს, არის წელსაც და სექტორი თავიდან ბოლომდე მზად არის.
მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, რომ რეალურად მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა მოვუწოდებ ყველას, დაიცვან ის სტანდარტული წესები, რომელიც გრიპის გავრცელებისგან თავის დასაცავად, აქტუალურია. ეს არის ხელის დაბანა და ხალხმრავალ ადგილებში ხშირად სიარულისგან თავის შეკავება, ასევე აცრა. სექტორი მობილიზებულია, თუმცა ყველას ვურჩევ, რომ მაქსიმალურად თავი დაიცვან გრიპის ვირუსისგან“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.