“წარდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ დ.ჩ. რამდენიმე დღით ადრე ჩასაფრებაში ნამდვილად იმყოფებოდა გიგა ავალიანთან და დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა სხვა არასრულწლოვანებს” – პროკურორი
“ბრალდების მხარის მიერ შეკრებილია და სასამართლოში წარდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული დ.ჩ. დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩასაფრებაში ნამდვილად იმყოფებოდა გიგა ავალიანთან და დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა სხვა არასრულწლოვანებს”, – ამის შესახებ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დემეტრე ჩიქოვანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა.
“სხდომაზე განიხილებოდა მტკიცებულებების დასაშვებობების საკითხი, წინასასამართლო სხდომა ჰქვია ამ ეტაპს. შესაბამისად, ბრალდების მხარის მხარის მტკიცებულებებმა გაიარა დასაშვებობის კონტროლი. აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა დღევანდელ სხდომაზე, რაც ორივე ბრალდებულის მიმართ დარჩა უცვლელი“, – განაცხადა პროკურორმა.