ია ანთაძის წიგნის „პირველად იყო… ლაქა“ პრეზენტაცია გაიმართება

31 მაისს, 17:00 საათზე, გამომცემლობა „არტანუჯი“ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ია ანთაძის წიგნის „პირველად იყო… ლაქა“ პრეზენტაციას გამართავს.

„თუკი რამ მიყვარს ქვეყანაზე, წიგნის კითხვაა. მაგრამ საკუთარ წიგნზე არასოდეს მიფიქრია. როდესაც ჟურნალისტი სტატიას წერს, იცის, რომ მისი დღევანდელი შრომის შედეგი, შეიძლება, მნიშვნელოვანი იყოს ხვალ… ზეგ… რამდენიმე დღის განმავლობაში. როგორც წესი, მეტის პრეტენზია ჟურნალისტს არ გააჩნია, რადგან პროფესია აქვს ასეთი – მიმდინარე მომენტზე ორიენტირებული. მაგრამ მე გამიმართლა: თავდაპირველად, წლების განმავლობაში ვწერდი „კავკასიონისთვის“ და „არილისთვის“. იქ კი ჩემი მეგობრები და მე გაცილებით მეტს ვფიქრობდით მომავლის საქართველოზე, ვიდრე მაინცდამაინც ხვალინდელ დღეზე. შემდეგ „რადიო თავისუფლებაში“ დავიწყე მუშაობა და ჩვენი რადიოს ბლოგები ხომ მთლიანად მომავლის საქართველოზე ორიენტირებული ფიქრის და განსჯის სივრცეა.

როდესაც გამომცემლობა „არტანუჯმა“ ჩემი სტატიების და ბლოგების წიგნად გამოცემა შემომთავაზა, ჯერ დავიბენი; შემდეგ ვიუარე და გავჯიუტდი; ბოლოს ჩავუჯექი და თავიდან ბოლომდე გადავიკითხე, რაც კი ოდესმე სტატია და ბლოგი დამიწერია. გზადაგზა თითქოს დავინახე წიგნი, რომელიც ცოტ-ცოტას გვიამბობს ჩვენი საერთო სამშობლოს წარსულზე, აწმყოსა და, იმედი მაქვს, მომავალზე; გვიამბობს იმაზე, რაც, ჩემი აზრით, არსებითია; იმაზე, რაც აკავშირებს ლიტერატურას და პოლიტიკას, შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, შემეცნებას და ქმედებას, აღმოსავლეთს და დასავლეთს, საქართველოს და დანარჩენ სამყაროს. დიდი მადლობა ამ წიგნის ყველა მეგობარს!“ – აღნიშნავს ია ანთაძე წინასიტყვაობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები