„ქართული ხმების“ და „ლატვიური ხმების“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა

ლატვიის ქალაქ იურმალას საკონცერტო დარბაზ „ძინტარი“-ში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით, „ქართული ხმების“ და „ლატვიური ხმების“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული მრავალხმიანობის უნიკალური შედევრები და ლატვიური ფოლკლორი. ანსამბლებმა ერთობლივად შეასრულეს რამდენიმე სიმღერა. კონცერტმა მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა და სრული ანშლაგით ჩაიარა.

ერთობლივ კონცერტს ესწრებოდნენ: ლატვიის კულტურის მინისტრი დაცე მელბარდე, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი, ლატვიის პოლიტიკური წრეების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატები, ლატვიის სამეცნიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ლატვიაში ქართული სათვისტომო და ქართველი სტუდენტები.

კონცერტის დაწყებამდე, „კორპორაცია ქართული ღვინო“-ს (CGW) გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ხუნდაძემ ქართული ღვინის პრეზენტაცია გამართა, სადაც მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ CGW-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის ქართული ღვინო. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, „კორპორაცია ქართული ღვინის“ (CGW), მინერალური წყლების კომპანია „ბორჯომის“ და ლატვიის სახელმწიფო კომპანია „Latvijas Koncerti“-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები