წნორის სკვერში ფესტივალი „ქიზიყური გაზაფხული“ გაიმართება
31 მაისს, 12 საათიდან, ახალგაზრდული გაერთიანების „სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative“ ეგიდით, ქალაქ წნორის სკვერში, ღია ცის ქვეშ ფესტივალი „ქიზიყური გაზაფხული“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, 2015 წლის საგაზაფხულო ფესტივალის სლოგანია – ერთად აღვადგინოთ წნორის კულტურის სახლი.
ფესტივალის პროგრამაში შედის: კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიის (ნახევრად დანგრეული შენობების) მოხატვა – Street Art; თოჯინების თეატრის წარმოდგენა ღია ცის ქვეშ; წნორის შადრევანზე მოზაიკის დასრულება ნამტვრევი ჭურჭელით; ფოლკლორული მუსიკა; ცოცხალი ბენდი; მეცამეტე თვის პოეტები; ნახატების გამოფენა ღია ცის ქვეშ; უხმო კინო დიდ ეკრანზე; წნორის კულტურის სახლის არქივში დაცული მასალების გამოფენა; ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა (ნუკრიანის სახელოსნოები, თაფლის ნატურალური პროდუქტები; თიხის ნაწარმი; ადგილობრივი ფანდურები); საბავშვო სექციები; ეკოლოგიური აქცია; მეორადი ნარჩენების დახარისხებისა და გამოყენების ვორქშოფი; ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ;
სპორტული აქტივობები: ფეხბურთი; ჭადრაკი; ღია კაფე – ტრადიციული და არატრადიციული (ინდური, ჩინური რუსული) კერძებით და უფასო კომპოტით; ფესტივალს „ქიზიყური გაზაფხული“ ახორციელებს „სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative“ ERTAD.GE და VIVUS.GE-ს ფინანსური მხარდაჭერით.