თბილისის განვითარების ფონდმა კალაუბნის სარეაბილიტაციო სამუშაოები განაახლა
ძველ თბილისში კალაუბნის სარეაბილიტაციო პროექტი დასკვნით ფაზაში შედის. მერიის ინფორმაციით, ისტორიულ უბანში არსებულ სხვადასხვა ქუჩებზე სამშენებლო სამუშაოები, დაახლოებით, 2 თვეში დასრულდება. კალაუბნის შენობათა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ მისამართებზე გრძელდება: სამღებროს ქ.N5, ჯვარედინის ქ.N10, 4/6 და 2, გომის ქ.N6, 7, 8, 9, 17 და 18, ბეთლემის ქ. N23, 25, 2/6, 15, 17, 19, 19ა და ბეთლემის ჩიხი N9. აღნიშნული ობიექტების რეაბილიტაციის ღირებულება 451 963 ლარია.
თბილისის განვითარების ფონდმა კალაუბნის პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ხარვეზებიც შეისწავლა და მიმდინარე პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოების დასრულებასთან ერთად, სამშენებლო ხარვეზების აღმოფხვრა კონტრაქტორ კომპანიებს დაავალა.
სამღებროს, გომის, ჯვარედინისა და ბეთლემის ქუჩებზე, ბინათმესაკუთრეებს პროექტით გათვალისწინებული რეაბილიტირებული საცხოვრებელი სახლები ჩაბარდებათ, რითაც მერიის მიერ მოსახლეობის წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შესრულდება.
ძველი თბილისის აღნიშნულ ისტორიულ უბანში ავარიულ შენობა-ნაგებობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე განხორციელდა წყალკანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ფრგლებში მოწესრიგდა საფეხმავლო და სამანქანო გზები, დამონტაჟდა გარე-განათების სისტემა და მთლიანად მოწესრიგდა უბნის ინფრასტრუქტურა. ისტორიული კალაუბნის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდის მიერ 2009 წელს დაიწყო და ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე განხორციელდა.