დავით ნარმანია წიგნის საერთაშორისო ფესტივალს დაესწრო

თბილისის მერი წიგნის 17-ე საერთაშორისო ფესტივალს დაესწრო. დავით ნარმანიამ ფესტივალზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად წიგნი თავის მნიშვნელობას არ კარგავს.
„ძალიან ბევრი ხალხია დღეს აქ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას,რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა და დღესაც გვაქვს წიგნების მიმართ დიდი ინტერესი. მიხარია, რომ წიგნის ფესტივალი ტრადიციად იქცა და ყოველ წელს აქ უფრო მეტი სტუმარი მოდის. მისასალმებელი ფაქტია, რომ წელს ფორმატი გაფართოვდა და ადგილობრივ გამომცემლებთან ერთად უცხოური გამომცემლობებიც მონაწილეობენ ფესტივალში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
წიგნის ფესტივალს, რომელიც დღეს გაიხსნა, სამი დღის განმავლობაში „ექსპო ჯორჯიას“ 11-ე პავილიონი უმასპინძლებს. ფესტივალში 53 გამომცემლობა, წიგნის მაღაზია და საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ახალი წიგნების პრეზენტაციები; შეხვედრები ქართველ და უცხოელ ავტორებთან; საჯარო კითხვა; გასართობი პროგრამები პატარა მკითხველებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სტენდთან.
თბილისის წიგნის ფესტივალს ათამდე უცხოელი სტუმარი ეწვევა. დღეს ფესტივალის სტუმარი იყო გამოჩენილი სერბი მწერლის – მილორად პავიჩის მეუღლე, მწერალი იასმინა მიხაილოვიჩი და მისი ლიტერატურული აგენტი იტალიიდან სტეფანო ბისაჩი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს პრეზიდენტის ფონდი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები