ეროვნული თავდაცვის აკადემიას დაარსებიდან 22 წელი შეუსრულდა (ფოტოკოლაჟი)
დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას დაარსებიდან 22 წელი შეუსრულდა.
ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. იუნკერები გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ დალოცა.
სამწყობრო მოედანზე მოწყობილ იუნკერებს აკადემიის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და განათლებული ჯარის მნიშვნელობაზე ისაუბა. სიტყვით მიმართვებისას თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო მოსამსახურეების განათლების საკითხზე გაამახვილეს ყურადღება.
საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ აკადემიის პირად შემადგენლობას უწყებრივი მედლები გადასცეს. დღესვე, აკადემიის საკონფერენციო დარბაზში სამეთაურო-საშტაბო სკოლის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. სიტყვით მიმართვების შემდეგ, 29 კურსდამთავრებულმა დიპლომები და სამკერდე ნიშნები მიიღო.
საზეიმო ღონისძიებები საქართველოს პრეზიდენტსა და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა. დღეიდან პრეზიდენტის ადმინისტრაცია და უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, მათ შორისაა სასტიპენდიო და მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამები.