საქართველოს პროკურატურასა და აღმოსავლეთევროპის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს მთავარ პროკურატურაში, საქართველოს პროკურატურასა და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმი, რომლის გაფორმებასაც 20-მდე სტუდენტი დაესწრო, მიზნად ისახავს საქართველოს პროკურატურასა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შორის ურთიერთობების გამყარებას და პრაქტიკული იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, პროკურორები ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ახალგაზრდებს ინფორმაცია მიეწოდათ პროკურატურის სტრუქტურის, საქმიანობის, პროკურატურის პროექტებისა და პროკურატურაში არსებული სტაჟირების სისტემის შესახებ. შეხვედრაზე პროკურორებმა სტუდენტებისთვის საინტერესო ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
საქართველოს პროკურატურას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სხვადასხვა უნივერსიტეტებთან აქვს გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც პროკურორები ატარებენ ლექციებს, რომლებიც ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაზე. ასევე, საქართველოს პროკურატურა ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ღონისძიებებს და პროექტებს ახორციელებს, რომლებშიც სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები.