თბილისს გერმანელი ანიმატორი გერჰარდ ჰანი სტუმრობს

თბილისს ცნობილი გერმანელი ანიმატორი, გერჰარდ ჰანი სტუმრობს. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, იგი ვორქშოპს ჩაატარებს, რომელსაც ქართველი ანიმატორები, პროდიუსერები და გამომცემლები დაესწრებიან. გერმანელი ანიმატორის ვიზიტი პროექტის „საბავშვო ლიტერატურაზე დაფუძნებული ანიმაციური ფილმის შექმნა“ ფარგლებში დაიგეგმა, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და წიგნის ეროვნული ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ.
გერჰარდ ჰანი საბავშვო ანიმაციური სტუდია „ჰან სტუდიოს“ მფლობელი და სამხატვრო ხელმძღვანელია. გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ანიმაციურ სტუდიას 35-წლიანი გამოცდილება აქვს სრულმეტრაჟიანი და ანიმაციური საბავშვო ფილმების წარმოებაში (სტუდიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროექტია ანიმაციური სერიალი „1001 ღამე“). გერჰარდ ჰანი წინასწარ გაეცნობა იმ საბავშვო ლიტერატურას, რაც საქართველოში გამოდის, შეარჩევს საუკეთესო პროექტებს, ჩაატარებს ვორქშოპს და მათ ევროპულ ბაზარზე ღირსეულად წარსადგენად მოამზადებს. გერმანელი ანიმატორის ვორქშოპი დღეს, სასტუმრო „ტერასაში“ 12:00 საათზე დაიწყება და საღამოს 19:00 საათამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები