დღეს თბილისის წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება
დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საგამოფონო ცენტში „ექსპო ჯორჯია“ თბილისის წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრება.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან: საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთევან კიღურაძე, გამომცემლობა „ინტელექტის“ აღმასრულებელი დირექტორი თინათინ ბერიაშვილი, სერბი მწერალი იასმინა მიხაილოვიჩი და სხვა მოწვეული სტუმრები.
წლევანდელ ფესტივალზე, საპატიო სტუმრის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შარჟას წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები გაერთიანებული ემირატებიდან და გამომცემლები სხვადასხვა არაბული ქვეყნიდან.
გამომცემლობა „ინტელექტის“ მოწვევით, ფესტივალს სპეციალური სტუმარი, ცნობილი სერბი მწერლის მილორად პავიჩის მეუღლე, ასევე სერბი მწერალი იასმინა მიხაილოვიჩი და მისი იტალიელი ლიტერატურული აგენტი სტეფანო ბისაჩი ეწვევიან. იასმინა მიხაილოვიჩის რომანის წარდგენა საგამომცემლო პროექტის – „პავიჩი ქართულად“ ფარგლებში გაიმართება. თბილისის წიგნის ფესტივალში მონაწილეობს 60-მდე გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი, რომლებიც დამთვალიერებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალი ღონისძიებების სიმრავლითაც გამოირჩევა. იგეგმება ახალი გამოცემების პრეზენტაციები, შეხვედრები ქართველ ავტორებთან, საჯარო კითხვა, სხვადასხვა სახის აქციები, ბლოგერების კონკურსი და დაჯილდოება, საბავშვო კუთხე პატარა მკითხველისათვის და გასართობი პროგრამა. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალის უცვლელი ორგანიზატორი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაა. ფესტივალს ტრადიციულად „ექსპო ჯორჯია“-ს მე-11 პავილიონი უმასპინძლებს.