გელა დუმბაძე: ჩვენი ვალია, შევუნარჩუნოთ ჩვენს თანამემამულეებს სამშობლოსთან მუდმივი კავშირის განცდა
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს ქართული დიასპორის დღეს ულოცავს.
“27 მაისი ქართული დიასპორის დღეა. ამ დღეს კიდევ ერთხელ ვაცნობიერებთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური მიზეზების გამო, დროის სხვადასხვა პერიოდში საქართველოდან გასული ქართველები ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია. უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები ქვეყნისთვის არა დანაკარგი, არამედ დიდი ნიჭისა და პოტენციალის მქონე ადამიანები არიან, ვინც საკუთარი რისკის ფასად არა მხოლოდ საკუთარი, სხვა მრავალი ოჯახიც ეკონომიკურ სიდუხჭირეს გადაარჩინეს, ვისაც თავისი ცოდნითა და ერუდიციით წვლილი შეაქვს მასპინძელი ქვეყნის განვითარებაში, ამდიდრებს მის კულტურას, მეცნიერებას, განათლებას…
ჩვენი ვალია შევუნარჩუნოთ ჩვენს თანამემამულეებს სამშობლოსთან მუდმივი კავშირის განცდა, ვიზრუნოთ ქართულ დიასპორაში ეროვნული თვითმყოფადობისა და მშობლიური ენის შენარჩუნებაზე და, იმავდროულად, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მათ ჩართულობას. მით უფრო, რომ დიასპორის მზარდი სურვილია თავიანთი წვლილი შეიტანონ საკუთარი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში. საზღვარგარეთ მცხოვრებ თითოეულ ჩვენს თანამემამულეს ვულოცავ ქართული დიასპორის დღეს და ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს დღეგრძელობას, გამარჯვებებს, წარმატებას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს“, -აცხადებს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.