ქრისტის აუქციონზე ნიკო ფიროსმანი RUSSIAN ART-ით არის წარმოდგენილი
ქრისტის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით“ წარმოდგენილია, როგორც რუსული არტი.
შეგახსენებთ, რომ 1 ივნისს, „ქრისტის“ აუქციონზე ნიკო ფოროსმანის ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით“ გაიყიდება, რომელიც დღემდე კერძო საკუთრებაშია. ცნობილი ტილოს გაყიდვას 1 256 800-დან 1 885 200 დოლარამდე ვარაუდობენ. აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წლებში შექმნა. ტილო ბოლოს 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა, რომელიც მისმა დღევანდელმა მფლობელმა იყიდა. მანამდე იგი 2007 წელს ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის აღნიშნული ნახატი ფრანგ პოეტს ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს. კულტურის სფეროს წარმომადგენლები ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართავენ, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომ ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის უნიკალური ნახატი საქართველოში დაბრუნდეს. როგორც კულტურის სამინისტროში ამბობენ, ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.