„ქართველად ყოფნის სიძნელე“ – ეროვნული არქივის კინოდარბაზში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება
დღეს, 17 საათზე, ეროვნული არქივის კინოდარბაზში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. „ლომი, მისი გალია და მისი ფრთები“ არის ფრანგი სცენარისტისა და რეჟისორის არმან გატის მიერ 1975-77 წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს საფრანგეთის ქალაქ მონბელიარში მცხოვრები და „პეჟოს“ საავტომობილო ქარხანაში მომუშავე ემიგრაციის ყოველდღიურობას.
ფილმი შედგება პროლოგის, ეპილოგისა და ექვსი დამოუკიდებელი ნაწილისგან, რომელთაგან ერთ-ერთი – „ქართველად ყოფნის სიძნელე“ – ეძღვნება ქართულ ემიგრაციას. ფილმში ქართველი ემიგრანტები: სევერიან ჭირაქაძე, შარლ ზედგინიძე და შოთა ქურციკიძე საუბრობენ იმ რთულ გზაზე, რომელიც ქართულმა ემიგრაციამ 1921 წელს საქართველოდან წასვლის შემდეგ განვლო. სხვა ქართველებთან ერთად იხილავთ საფრანგეთში წმინდა ნინოს ქართული ეკლესიის წინამძღვარს – მამა ილია მელიას. ფილმის ჩვენება საქართველოში პირველად ხორციელდება. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ეძლევა მოუსმინოს და კითხვები დაუსვას ფილმის რეჟისორ არმან გატის, რომელიც ჩაერთვება skype-ის საშუალებით. ჩართვას უზრუნველყოფს საქართველოს საელჩო საფრანგეთში. ფილმს ასევე განიხილავენ დამსწრე ქართველი ისტორიკოსები და კინომცოდნეები. ფილმის ხანგრძლივობაა 57 წუთი. ჩვენების ორგანიზატორია თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიოვიზუალური განყოფილება, სადაც შეინახება ეს ფილმი და ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის. ჩვენება იმართება საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით.