თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ავღანეთში, ქართველ სამშვიდობოებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე ქართველ სამშვიდობოებთან ერთად აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნითა და ISAF-ის მისიაში დაღუპული გმირების პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. თინათინ ხიდაშელმა IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა გადასცა.
ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის, თინათინ ხიდაშელმა ქართული მეკავშირეთა ჯგუფის უფროსი, მაიორი ჯეიმს გეიგერი და მასტერ სერჟანტი სკოტ პერი მედლებით: „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 30 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხიანად შესრულებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. 43-ე ბატალიონის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ვიტალი ცხადაძის სახელით მადლობა გამოეცხადა კოალიციური ძალების 11 სამხედრო მოსამსახურეს.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და კოალიციური ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, სტუმრებისთვის მიღება გაიმართა. 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქართული ჭიდაობის ილეთები წარმოადგინეს.
ღონისძიებების დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 43-ე ბატალიონს საჩუქრად საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა, ხოლო ქვედანაყოფის მეთაურმა თინათინ ხიდაშელს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა უსახსოვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები