ჰედერ როჯერსის წიგნის „ხვალამდე გაქრება: ნაგვის გასაიდუმლოებული ისტორია“ თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება

27 მაისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში „რადარამი“ ჰედერ როჯერსის წიგნის „ხვალამდე გაქრება: ნაგვის გასაიდუმლოებული ისტორია“ თარგმანის პრეზენტაციას გამართავს.

მომხსენებლები: მაია ხეჩინაშვილი- პარტიზანული მებაღეობა თბილისში; სტელა ნამგალაძე-საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები; მარიამ ადუაშვილი-რადარამის წარმომადგენელი.

„ეს წიგნი იმიტომ დავწერე, რომ მინდოდა, გამეგო, სად ქრება ჩემი ნაგავი“, – ამბობს ჰედერ როჯერსი. ჰედერ როჯერსი ახალგაზრდა ამერიკელი ჟურნალისტი და რეჟისორია. წიგნის დაწერამდე მან ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელმაც არაერთი კინოფესტივალის ყურადღება მიიქცია.

„დღეს წყნარ ოკეანეში ექვსჯერ მეტი პლასტმასაა, ვიდრე პლანქტონი. ჰედერ როჯერსის აზრით, ეს პრობლემა ხელოვნურია. ახალგაზრდა მწერალი ცდილობს, ნაგვის საშუალებით ჩვენს საზოგადოებაზე მრავალი საინტერესო რამ გვითხრას. თქვენ წინაშე ერთდროულად ნაგვის მოვლის ისტორიული მიმოხილვაცაა და კრიტიკული ანალიზიც. წიგნში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ და რის გამო წარმოვქმნით უფრო და უფრო მეტ ნაგავს. ეს მონაცემები დაგაფიქრებთ არა მხოლოდ ეკოლოგიურ, არამედ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც თანამედროვე ცივილიზაცია დგას. წიგნის კითხვისას გაგიჩნდებათ კითხვები: რატომ აღარ ვიყენებთ შუშის ბოთლებს? რა საჭიროა ერთჯერადი საპარსები? რატომ არ შეგვიძლია, მოვიხმაროთ ნაკლები? რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დაფიქრდებით იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენი ეკოსისტემის გადასარჩენად“.

„რადარამი“ ქართულად თარგმნის, გამოსცემს და ავრცელებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა.

„ჩვენი სურვილია შევუქმნათ ქართველ მკითხველს პირობები, რათა მშობლიურ ენაზე გაეცნოს იმ წიგნებს, რომლებიც თანამედროვე აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხება, შეიძინოს ისინი ხელმისაწვდომ ფასად და მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიაში ჩაებას“.

წიგნი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმანის პროგრამის ფარგლებში. სტუმრებს წიგნები გადაეცემათ საჩუქრად. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები