ასოცირების ხელშეკრულება, ძლიერი სპეციალისტების საჭიროება და მომავლის პროფესიები – ექსპერტის შეფასება
რა მოტივაციას სთავაზობს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფო და რა პროგრამები ხორციელდება აღნიშნული მიმართულებით – ამ საკითხთან დაკავშრებით გადაცემა ,,კვირის 20:30’’ -ში ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ექსპერტმა გიორგი ეზუგბაიამ ისაუბრა.
ეზუგბაიამ რეგიონებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო ვითარება შეაფასა, ისაუბრა სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ და უახლოეს მომავალში დადგეგმილ პროექტებზე. ასევე, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, რომელიც ითვალისწინებს ეტაპობრივად ევროპული ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას საქართველოში.
„რეალურად რეგიონის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების მხრიდან, ასევე სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით. გამოვყოფ სოფლის მეურნეობის პროგრამას, შეღავათიან აგრო-დაზღვევის მიმართულებას და „აწარმოე საქართველოში’’ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტებს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, მხოლოდ შეღავათიანი აგროკრედიტის მიმართულებით 27 ათასი სესხი გაიცა, რამაც საერთო ჯამში გაცემული კრედიტების რაოდენობით 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. 46 მილიონი ლარის ბიუჯეტით განისაზღვრა პროექტი ,,აწარმოე საქართველოში’’, აქიდან 16 მილიონი ლარი წარმოების კუთხით, ხოლო 30 მილიონი სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოიყო.
„ამ კუთხით სახელმწიფო უზრუნველყოფს მის მფლობელობაში არსებული ქონების მეწარმეთათვის გადაცემას უსასყიდლოდ, რა თქმა უნდა, შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულების საფუძველზე. საქართველოს მასშტაბით მეწარმეებს 38 ასეთი ქონება გადაეცა, ცოტა ხანში ეს უვარგისი ქონება კი თანამედროვე საწარმოებად ჩამოყალიბდება. მაგალითა, მინდა კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო პროექტი 20 მილიონი ლარით განისაზღვრა და უკვე 83 აპარატი მონტაჟდება, რომელიც მოსავლის დაზიანების რისკს 93%-მდე ამცირებს. რაც შეეხება მელიორაციის საკითხს, რომელიც საერთოდ მივიწყებული ჰქონდა წინა ხელისფულებას, მინდა ავღნიშნო, რომ სულ ახლახან საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ქართულ მხარეს გადმოეცა 11 მილიონი დოლარის ღირებულების , თანამედროვე, სხვადასხვა სახის სპეც-ტექნიკა , რომელსაც რეგიონებში სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში გამოიყენებენ, რათა კიდევ უფრო ინტენსიურად წარიმართოს სამუშაოები“, – აღნიშნა მან და განაცხადა რომ დაგეგმილია 30-მდე სოფლის მეურნეობის პროექტის განხორციელება სასათბურე მეურნეობებში, ოქტომბერში ახალი აბრეშუმის გზის ფორუმის გამართვა და ა.შ
გიორგი ეზუგბაია ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფო იღებს დამატებით ვალდებულებას ეტაპობრივად დანერგოს ევროპული ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები.
„ასოცირების ხელშეკრულება გახლავთ ჩვენი ქვეყნის ევროპიზაციის რეალური სამოქმედო გეგმა. დღეს სახელმწიფო უწყებები სწორედ ამ გეგმის მიხედვით მუშაობენ, ხოლო რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებას, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბებას, ეს არის ინტეგრაცია დიდ ევროპულ ოჯახში, დიდი ევროპული ბაზრის ათვისება, რეალური პერსპექტივა ჩვენი მეწარმეებისათვის, ბიზნესისთვის, რომ შევძლოთ ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე გასვლა“, – განაცხადა ექსპერტმა.
იგი საუბრისას განათლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოქმდებს სახელმწიფო პროექტები, რომელიც გულისხმობს საზოგადოების ინფორმირებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე არსებობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელიც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის კონსულტაციის გაწევას და საინფორმაციო მომსახურებას ითვლისწინებს.
„მაგალითად, კოოპერატივები და მათი რაოდენობა 500-მდეა დღეს საქართველოში და ზუსტად ეს არის საბაზისო, რითაც ევროკავშირმა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ეს გზა და შესაძლებლობა ნახა. ერთ-ერთი ასეთი პროექტი 5 წლის ვადით გაიწერა, მისი საერთო ბიუჯეტი კი, 52 მილიონი ევროს ოდენობით განისაზღვრა. პროექტი გულისხმობს სტანდარტიზაციის გატარებას სოფლის მეურნეობის, დასაქმების და სამინისტროს შესაძლებლობების მიმართულებით განვითარების ხელშეწყობას“, – აღნიშნა გიორგი ეზუგბაიამ.
მისი თქმით, იყო პერიოდი როდესაც სკოლის მოსწავლეს სოფლიდან სოფელში განათლების მისაღებად კილომეტრების გავლა უწევდა. დღეს კი, მისი თქმით, ათასამდე საჯარო მოსწავლეს უფასო ტრანსპორტი ემსახურება.
„აშენდა 9 ახალი სკოლა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 970 მდე საჯარო სკოლას, იგეგმება 8 ახალი სკოლის მშენებლობა-ეს ის მიმართულებებია, რომელიც რეგიონებში მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. ასევე რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის არსებობა. ცოტა ხნის წინ, თბილისში საფუძველი ჩაეყარა საერთო საცხოვრებლების მშენებლობას, რომელიც სოციალურად დაუცველ და რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს უფასოდ მოემსახურება. ასეთი სტუდენტური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაგეგმილია ქუთაისში, ზუგდიდსა და ახალქალაქში“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ასევე სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ხორციელდება წარმატებული სტუდენტებისთვის განათლების ევროპაში მისაღებად. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ამ მხრივ ბოლო ორი წლის განმავლობაში 150-მდე სტუდენტის სწავლა დაფინანსდა და ისინი სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოს საჯარო სტურქტურებში ევროპული გამოცდილებით და ევროპაში მიღებული ცოდნით ჩაერთვებიან.
„დღეს, როდესაც იზრდება საინვესტიციო მიმართულება, მინდა ავღნიშნო, რომ ამ მხრივ 2014 წელს პირდაპირ უცხოური ინვესტიციის სახით 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2008 წლის შემდგომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ პირობებში, ჩვენ ინვესტორს ვთავაზობთ პროექტებს, ინვესტორი ინტერესდება განახორციელოს საინტერესო პროეტქები, სახელმწიფო კი, მას ერთ-ერთ მთავარ პირობად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას უყენებს, ამიტომაც ჩვენ გვჭირდება დარგის ძლიერი სპეციალისტები“, – განაცხადა ექსპერტმა.
მისი შეფასებით, სოფლის მეურნეობის, საინჟინრო თუ ენერგო სფეროს მიმართულება მომავლის პროფესიებია და ახალგაზრდებმა, რომლებიც პროფესიას ირჩევენ, ეს უნდა გაითვალისწინონ. ეზუგბაიას განცხადებით, ამ მიმართულებების სპეციალისტებზე დღესაც საკამოდ მაღალი მოთხოვნაა და რამდენიმე წელიწადში გაათმაგდება.
წყარო: frontnews.ge