დღეს მოზარდმაყურებელთა თეატრში ბექა მარგიშვილის პოეზიის საღამო გაიმართება
„დღეს შენი დღეა… გვაკლიხარ, გვიყვარხარ, გვახსოვხარ“, – ასე მიმართავენ მეგობრები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელს – ბექა მარგიშვილს, ვისი პოეზიაც დღეს, 19 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში გახმიანდება. ბექას ლექსებს მსახიობები და პოეტები წაიკითხავენ, ანსამბლი „ერთსულოვნება“ კი (ხელმძღვანელი პავლე ჭუმბურიძე) შეასრულებს 3 ნომერს, რომელიც ბექას მიეძღვნება.
28 წლის პოლიციელი ბექა მარგიშვილი 4 აპრილს ვარკეთილის მეტროსთან დაჭრეს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბექა, გარდა იმისა, რომ პოლიციის სამსახურში იდგა, ნიჭიერი ხელოვანიც იყო, წერდა ლექსებს, მღეროდა. მისი ლექსების კრებული სიკვდილის შემდეგ გამოიცემა.