ფოტოგამოფენა – „ქალები 80-90-იანების მიჯნაზე“ გაიხსნება

26 მაისს, 12:00 საათზე, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ფოტოგამოფენა – „ქალები 80-90-იანების მიჯნაზე“ გაიხსნება.
ფოტოგამოფენა მოიცავს ფოტოგრაფი ქალის, ნაზი გაბაიძის პირადი ფოტოარქივიდან შერჩეულ მასალას. გამოფენის მიზანია, დაგვაბრუნოს უახლესი წარსულის სურათებთან, რათა ამ დისტანციიდან უკვე სხვაგვარად გადავიაზროთ, გავაანალიზოთ და შევაფასოთ ჩვენი უახლესი წარსული. გამოფენაში წარმოდგენილი მასალა ასახავს იმდროინდელი საზოგადოების განწყობებს.
„არაა შემთხვევითი, რომ საგამოფენო თემად ქალების სახეები შეირჩა. ამ პოლიტიკური მოვლენების მთელმა სიმძაფრემ, მართლაც, მათ მხრებზე გადაიარა, 9 აპრილის მსხვერპლთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო, ქალების აქტიურობა არ შემცირებულა არცერთ მომდევნო ეტაპზე და ბოლოს უნდა ითქვას, რომ როცა სამოქალაქო ომის შემდეგ ქაოსმა და განუკითხაობამ დაისადგურა, რომ არა ისინი, ქვეყანა ალბათ ვერც გადაიტანდა 90-იანი წლების დეპრესიას“.
გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნული მოძრაობის დასაწყისი პერიოდი, 9 აპრილის შემდგომ განვითარებული მოვლენები, კომუნისტური პარტიის ლიდერებსა და ეროვნულ ძალებს შორის გამართული საიდუმლო მოლაპარაკებები ჩაის სახლში, წითელი ჯვრის ჩამოსვლა, მერაბ კოსტავას დასაფლავება და შემდგომი დაპირისპირება ჯერ თავად ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის და მერე უკვე პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ გამართული გამოსვლები.
„ჩვენი მიზანი იყო, გვეჩვენებინა არა იმდენად თავად პოლიტიკური პერიპეტიები, არამედ უბრალო ადამიანები, მათი განცდები და განწყობები იმდროინდელი მოვლენების ფონზე“.
გამოფენის კურატორია რუსუდან კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები