გიორგი მარგველაშვილი: ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით

ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით. იმ გამბედაობით, რითაც იცნობენ ქართველ ჯარისკაცებს ამერიკელი თუ ნატოს სხვა ქვეყნების ჯარისკაცები – ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნების “ღირსეული პარტნიორი” დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.
“ის ადამიანები, ვინც დღეს ერთობლივად ახორციელებენ სწავლებას, მათი მეგობრები, მათი თანამებრძოლები, რეალურად გლობალურ სიმშვიდეს იცავენ ურთულეს ვითარებაში. ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით. იმ გამბედაობით, რითაც იცნობენ ქართველ ჯარისკაცებს ამერიკელი თუ ნატოს სხვა ქვეყნების ჯარისკაცები და ამ სიამაყით პოლიტიკოსები, დიპლომატები მსოფლიოში დავდივართ.
ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ დღეების განმავლობაში და ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცების პიროვნული თვისებებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილმა ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცა. მისი შეფასებით, აღნიშნული სწავლებები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს წაწევს წინ, რაც საბოლოოდ ნატოში გაწევრიანებით დასრულდება.
მან ასევე, მიმართა ჯარისკაცებს და უთხრა, რომ მათი შემართებითა და პროფესიონალიზმით, ქვეყნის თითოეული მოქალაქე იქნება დაცული. “გახსოვდეთ, რომ თქვენი პროფესიონალიზმი და შემართება მოქალაქეების მშვიდობიანი არსებობის გარანტიაა. ეს სწავლებები წინ წაწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და იმ მიზანს, რომელიც ჩვენმა ხალხმა თავისი გადაწყვეტილებით მიიღო.
მიზანს, რომელიც მთავრდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებით უფრო რეალურს, უფრო ხელშესახებს გახდის. იმისთვის, რომ ეს სწავლება შემდგარიყო, არაერთმა ადამიანმა პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა.
მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო უმაღლეს პოლიტიკურ დიპლომატიურ სამთავრობო დონეზე, იმისთვის, რომ ეს ისტორიული სწავლება შემდგარიყო საქართველოს მიწაზე, მაგრამ ყველაზე დიდი წვლილი იმაში, რომ დღეს ჩვენ ამ სწავლებას ერთად ვატარებთ და წინ ვწევთ რეგიონის უსაფრთხოებასაც, არის იმ ადამიანებში, ვისაც აცვიათ ფორმა და ვინც ემსახურება როგორც საქართველოს, ისე გლობალურ მშვიდობას წლების განმავლობაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა 5 ქართველი და 5 ამერიკელი ჯარისკაცი სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული მედალიონებით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები