მიხეილ გიორგაძემ ესპანელ მხატვარს აუგუსტო ფერერ დალმაუსს „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ესპანელ მხატვარს აუგუსტო ფერერ დალმაუს უმასპინძლა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა აუგუსტო ფერერ დალმაუსს ხელოვნებასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.

შეხვედრას ესპანელი მწერალი ლუკას მოლინა დაესწრო. საქართველოს მთავრობის მიწვევით, ესპანელმა მხატვარმა აუგუსტო ფერერ დალმაუმ ავღანეთში იმოგზაურა, საერთაშორისო მისიაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იცხოვრა და გაეცნო მათ საქმიანობას. მხატვარმა ამ მოგზაურობას 24 ნახატი მიუძღვნა.

ავტორის ინიციატივით, ნახატები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჩუქრად გადაეცემა.

აუგუსტო ფერერ დალმაუ მსოფლიოში ცნობილი ბატალისტია (საბრძოლო სცენების მხატვარი), სხვადასხვა ომების თემატიკაზე შექმნილი მისი ნამუშევრები საყოველთაოდაა ცნობილი. მისი ნახატები ევროპის სხვადასხვა მუზეუმშია ექსპონირებული. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 24 მაისს, 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MOMA, ცნობილი ესპანელი მხატვრის აუგუსტო ფერერ დალმაუს ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

გამოფენაზე, რომელიც ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს ეძღვნება, მოეწყობა ესპანელი მწერლის, ლუკას მოლინას წიგნის „Georgia in the Heart of Afghanistan“ პრეზენტაციაც. გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები