ზაირა ნადირაშვილის პერსონალური გამოფენა
22 იანვარს, 17 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ზაირა ნადირაშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით “ტყე” გაიმართება. ექსპოზიციაზე იქნება ოცდაათამდე გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც ასახავს ჰარმონიის ძიებაში დანახულ სურათებს, მათ წვრილმან ყოფით დეტალებს, ნიშნებსა და შტრიხებს, რომლებიც ჩვენი არსებობის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო, მაგრამ განუყოფელი ნაწილია. ავტორის ნახატები წარმოდგენილია მაკროზომებიდან დიდი მასშტაბების ჩათვლით. ზაირა ნადირაშვილი ექვსი პერსონალური ფოტოგამოფენის ავტორია. მათ შორის იყო სხვადასხვა თემატური გამოფენაც. მაგალითად: “დამიკვეთეთ შემოდგომა წინასწარ”, “სინთეზური საღამო”, პერსონალური გამოფენა “თი-ბი-სი” ბანკში ლ. გუდიაშვილის სახელობის გალერეაში ბათუმში და ა. შ. მომავალში ხელოვანი ჰააგაში, დიპლომატიურ კლუბში ერთობლივ გამოფენაში მონაწილეობას გეგმავს. იგი მონაწილეობდა ფოტოკონკურსებში: “ქოლგა”, “თავისუფლების ფოტოები”, “თბილისი”. ზაირა ნადირაშვილის ნამუშევები ინახება კერძო კოლექციებში: ვარშავაში, კიევში, ნიუ-იორკში, თბილისში, ბათუმში. გამოფენა 2014 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.