11 ივნისს ”ოქროს ტალღა 2014”-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
11 ივნისს წლის სიმღერის კონკურსში ”ოქროს ტალღა 2014” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მუსიკალური პროექტი, რომელსაც წარმოადგენს რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“(„ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“ ), მეორე წელია რაც საქართველოში ხორციელდება და ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას, ასევე ცნობილი შემსრულებლების, კომპოზიტორების, ამ სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებულს ფულადი პრიზი – 5 ათასი ლარი გადაეცემა. სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებისთვის კი მზადდება ქანდაკება „ოქროს ტალღის“ ლოგოტიპით, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის მოქანდაკე ირაკლი წულაძემ შექმნა.
წლის სიმღერასთან ერთად კონკურსში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: წლის მომღერალი ქალი, წლის მომღერალი მამაკაცი, წლის დუეტი, წლის ჯგუფი, წლის ანსამბლი, წლის პოპ სიმღერა, წლის როკ სიმღერა, წლის ქალაქური სიმღერა, სწლის ჰიპ-ჰოპ სიმღერა, წლის დებიუტი, წლის სიმღერა, ხალხის რჩეული (ინტერნეტ რჩეული), ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ნომინაციებში გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი გახდება დაჯილდოების ცერემონიის დღეს. რაც შეეხება ხალხის რჩეულს, მის რეიტინგს გულშემატკივარი ინტერნეტის საშუალებით ყოველდღიურად ადევნებს თვალს. „ოქროს ტალღის“ მონაწილეთა სია კონკურსის ფარგლებში 2014 წლის მანძილზე ოთხივე რადიოსადგურში შემოსული და ეთერში გასული სიმღერებით დაკომპლექტდა. პროექტში დღეისთვის 79 სიმღერა მონაწილეობს.