„კიბერ-გალაკტიონი“ – ინტერაქტიული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა
21 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პროექტის „ინტერაქტიული ბიბლიოთეკა – კიბერ-გალაკტიონი“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის შემქმნელებმა სანდრო ასათიანმა, ზურა ჯიშკარიანმა, შოთა დიღმელაშვილმა და პაატა შამუგიამ პროექტის მიზნებისა და გეგმების შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე დაესწრო.
„ინტერაქტიული ბიბლიოთეკა“ გულისხმობს ინტერაქტიული ვებპორტალის – ბიბლიოთეკის შექმნას, რომელიც ინდივიდზე, მკითხველზე იქნება ორიენტირებული. მომხმარებელი შეარჩევს სასურველ ავტორსა და ნაწარმოებს, რომელსაც მკითხველთან „ურთიერთობა“ შეეძლება. მკითხველი უშუალოდ შევა კონტაქტში ავტორთან ან ნაწარმოების გმირთან. „კიბერ-გალაკტიონი“ ინტერაქტიული ბიბლიოთეკის პირველი პროექტია, რომელშიც განთავსებულია გალაკტიონის ლექსები, დღიურები და გამონათქვამები.
როდესაც ადამიანი „კიბერ-გალაკტიონთან“ საუბარს იწყებს, კომპიუტერი რთული ალგორითმის გამოყენებით, შესაბამის პასუხს პოულობს მონაცემთა ბაზაში და მომხმარებელს „ესაუბრება“. „კიბერ-გალაკტიონის“ „ჩეთ ბოტი“ მთლიანად დაფუძნებულია გალაკტიონ ტაბიძის პიროვნებაზე, მოახდენს ამ პიროვნების სიმულირებას ციფრულ გარემოში, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი, მკითხველი, თავად გალაკტიონს „გაესაუბრება“. „კიბერ-გალაკტიონი“ იქნება პირველი ქართულენოვანი „ჩეთ ბოტი“, რომელსაც შესაძლოა გალაკტიონის „ენობრივი ასლიც“ ვუწოდოთ. „ბოტი“ კომპიუტერულ პროგრამაა, რომელიც ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებს სხვადასხვა ამოცანებს. ბოტებს, რობოტებისაგან განსხვავებით, არ გააჩნიათ მატერიალური გარსი. ისინი მხოლოდ პროგრამები არიან. „ჩეთ-ბოტი“ ბოტების ერთ-ერთი ნაირსახეობაა – ეს არის ადამიანთან მოსაუბრე პროგრამა, რომელსაც ადამიანის მსგავსად შეუძლია დიალოგის წარმართვა.