პირველად საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს ადაპტირებული ტაქსი მოემსახურებათ
პირველად საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს საშუალება აქვთ, უფასოდ იმგზავრონ ადაპტირებული ტაქსით! – პროექტი „სოციალური ტაქსი“ საქართველოში ნოვაციაა, რომელიც საქართველოს ბანკის მომავლის ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ დააფინანსა. მსგავსი სერვისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დანერგილი.
უკვე შექმნილია შესაბამისი ვებგვერდი, სადაც „სოციალური ტაქსის“ დანიშნულების, მომსახურების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.
როგორც ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, საწყის ეტაპზე ეტლით მოსარგებლე და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, ქალაქ თბილისის ფარგლებში შემდეგი მიმართულებით მოემსახურებიან: სასწავლო ცენტრები, ჯანდაცვის ობიექტები, სარებილიტაციო ცენტრები, კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტები. შემდეგ ეტაპზე კი – მობილობის შეზღუდვის მქონე ნებისმიერ პირს.
შეკვეთა სოციალური ტაქსის მომსახურებაზე მიიღება მგზავრობამდე 24 საათით ადრე (განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოძახება 1 საათით ადრე თუ სატრანსპორტო საშუალება თავისუფალია) შესაბამის საკონტაქტო ნომერზე დარეკვით, ან ვებგვერდზე დარეგისტრირებით.
“საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, რომელზეც ძალიან ბევრს მსჯელობენ, დაობენ, კამათობენ, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანები, მათი საჭიროებები და პრობლემები. მიუხედავად ამისა, კვლავ პრობლემად რჩება შშმ პირთა (ბავშვთა) საზოგადოებაში ინტეგრაცია. შშმ ბავშვებისა და მათი მშობლების გადაულახავ პრობლემას წარმოადგენს ქალაქში თავისუფალი გადაადგილება. შეზღუდულია გარემო. იგი არ არის ადაპტირებული შშმ ბავშვებისათვის. ეს კი უზარმაზარი ბარიერია გზაზე, რომელსაც ადამინის კონსტიტუციური უფლებების დაცვა ჰქვია. განსაკუთრებით სიძნელეებს აწყდებიან საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაზიანების მქონე შშმ ბავშვები, რომლებიც თანდაყოლილი, შეძენილი თუ სხვა ტრავმების შედეგად ვერ გადაადგილდებიან თავისუფლად. ვიზიტი სამკურნალო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალიან დიდი პრობლემაა შშმ ბავშვებისთვის, ადაპტირებული ტრანსპორტის და გარემოს არ არსებობის გამო. ამ ყველაფრის მისაღწევად აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების საშუალება. შშმ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის აუცილებელია სპეციალური/ადაპტირებული ტრანსპორტის მომსახურების დანერგვა, რომელსაც ჩვენი პროექტი „სოციალური ტაქსი“ ითვალისწინებს.
ჩვენ პროექტში ჩართულები იქნებიან შშმ ბავშვები, რომლებიც უკვე დადიან სკოლებში, დღის ცენტრებში, სარეაბილიტაციო დაწესებულებებში. მათ გარდა პროექტში ის შშმ ბავშვებიც ჩაერთვებიან, რომლებიც არიან სახლებში, არ/ვერ გამოდიან სახლიდან და მოიხსენიებიან, როგორც ,,უჩინარი ბავშვები“.
ჩვენი პროექტის ფარგლებში სოციალური ტაქსი იმუშავებს გამოძახებით. თავდაპირველად, რესურსის სიმცირის გამო შესაძლებელია ვერ უზრუნველვყოთ გამოძახებათა სრულად დაკმაყოფილება, თუმცა შემოსული ზარები აღირიცხება და დაითვლება. მონაცემების საშუალებით დავანახვებთ სახელმწიფოს სერვისზე მოთხოვნილებას და სოციალური ტაქსის აუცილებლობას. პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან მოხალისეები, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ სერვისის განხორციელებაში. პროექტი იქნება საუკეთესო საშუალება შშმ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნნულია ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
“კვირა“ დამატებითი ინფორმაციისთვის პროექტის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.