სერგეი ლავროვი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების უკრაინის შემადგენლობაში დარჩენას მხარს უჭერს
თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები უკრაინის შემადგენლობაში უნდა დარჩნენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „როსიისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ყველა დონეზე, პრეზიდენტის სიტყვებით, სხვა ფორმატებში, ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი უკრაინის შემადგენლობაში უნდა იყვნენ, – აცხადებს ლავროვი, – ამჟამად მათ კონსტიტუციის პროექტი წარმოადგინეს. იქ საუბარია იმ სტატუსზე, რომელიც მინსკის შეთანხმებებით არის გათვალისწინებული: რესპუბლიკა უკრაინის ნაწილი იქნება, ხოლო შემდეგ ჩატარდება კონსტიტუციური რეფორმა, რათა ეს სტატუსი მუდმივ საფუძველზე დაკანონდეს“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ვალდებულებას ხელი მოაწერეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.