უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში სახალხო დამცველმა პირადად მიულოცა ნინო გვნეტაძეს საპასუხისმგებლო პოსტზე არჩევა და განაცხადა, რომ არსებობს საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მოლოდინი და იმედი, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე სასამართლო სისტემაში რეალურ რეფორმას განახორციელებს, რაც ხელს შუწყობს საქართველოში ევროსტანდარტის და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების დამკვიდრებას.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველს მიაწოდა ინფორმაცია მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ნინო გვნეტაძემ ყურადღება გაამახვილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლზე დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ რეაგირების გარეშე არის დატოვებული სახალხო დამცველის ოფისიდან გადაგზავნილი საჩივრები, რომელიც მოსამართლეთა მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, მისი ხელმძღვანელობით და ძალისხმევით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ასეთი დამოკიდებულება სახალხო დამცველის განცხადებებთან მიმართებაში შეიცვლება.

„ჩვენ დავიცავთ ყველა მოსამართლის უფლებას, მაგრამ ამავე დროს დაცული უნდა იყვნენ მხარეები, თუკი საქმეში არსებობს მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევები, ეს რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. მხარეების კანონიერი ინტერესის შეზღუდვის ხარჯზე ჩვენ ვერ დავიცავთ მოსამართლეს, რომელსაც შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს დისციპლინური დარღვევა“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადებულ იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს როლის და ფუნქციის გაზრდას ეხება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ თავადაც აქტიურად ჩაერთვება განხილვებში და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, განხილვებისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობაც.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და დასკვნების მნიშვნელობას მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები