ზაზა კოლელიშვილის შუამდგომლობით, 13 წლის გოგონას გერმანიაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა კოლელიშვილის შუამდგომლობით, დეპუტატის სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრებ 13 წლის მარიამ კასტიუნს გერმანიაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება. გოგონა, დედასთან ერთად, დეპუტატმა გერმანიაში პირადად გააცილა.

საკრებულოს ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა კასტიუნების ოჯახმა დეპუტატს ერთადერთი შვილის დასახმარებლად მიმართა. მარიამი იშვიათი სენით – არტერიოვენური მალფორმაციით არის დაავადებული და მისთვის ოპერაციის ჩატარება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

„ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ მარიამი სკოლაში დადიოდა, თუმცა დაავადება სწრაფად პროგრესირებდა, რის შედეგად მან სკოლაში სიარული ვეღარ შეძლო“, – ამბობს დეპუტატი.

ზაზა კოლელიშვილმა, კასტიუნების ოჯახს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მერიის შესაბამის სამსახურებთან უშუამდგომლა. შედეგად, მარიამის ოპერაციისათვის საჭირო თანხა 10 000 ევრო ჯანდაცვის სამინისტრომ გამოყო, ხოლო მგზავრობისა და სხვა ხარჯების ანაზღაურება ქალაქის მერიამ უზრუნველყო. „მარიამი უკვე გერმანიაშია და ოპერაციისთვის ემზადება. ერთადერთი პრობლემა იქ ყოფნისას ოჯახს ენის ბარიერმა შეუქმნა, თუმცა, ჩვენი ძალისხმევით, ეს საკითხიც მოგვარებულია. მარიამსა და მის მშობელს პირადი თარჯიმანიც ეყოლებათ. ვიმედოვნებ, რომ გოგონა სამშობლოში გამოჯანმრთელებული დაგვიბრუნდება“, – განაცხადა ზაზა კოლელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები