ალექსანდრე ელისაშვილი დავით ნარმანიას რჩევას აძლევს
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერს ურჩევს, რომ თბილისის ისტორიულ უბანში, აბანოთუბანში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან თავი შეიკავოს.
როგორც ალექსანდრე ელისაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, თუ მის რჩევას დავით ნარმანია არ გაითვალისწინებს, საზოგადოებისგან დიდ პროტესტს მიიღებს.
„ხვალ შეიძლება ძალიან ცუდი რამ მოხდეს ისტორიულ ქალაქში, მირზა შაფის ქუჩასთან დაკავშირებით. კონკურსი ამ ქუჩასთან დაკავშირებით ძალიან ცუდად გამოცხადდა. ღია არქიტექტურული კონკურსი კარგი იყო, წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ პირობების დაწერა თბილისის მერიამ კერძო კომპანიას დაავალა. ქალაქმა კი არ განსაზღვრა ამ ისტორიულ ადგილას, აბანოთუბანში, მშენებლობის პირობები, არამედ კერძო კომპანიას დაავალეს. 25 ათას კვ.მეტრ ფართობზე საცხოვრებელ კორპუსზე გამოაცხადა კონკურსი. თუ დავით ნარმანიას და ქალაქის ხელმძღვანელობას არ უნდა რომ საშინელი პრობლემა მიიღოს, მირზა შაფთან დაკავშირებით, ეს კონკურსი უნდა გახანგრძლივდეს და მეორე ეტაპი უნდა გამოცხადდეს.
იმიტომ, რომ ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა უნდა განსაზღვროს პირობები. სად უნდა ააშენოს ეს საცხოვრებელი კორპუსი… აბანოთუბანში ერთი მთავარი ქუჩა გადის და ექვსი პარალელური ქუჩა გასდევს. ვურჩევ თბილისის მერს დავით ნარმანიას, რომ ხვალინდელი კონკურსის შედეგები საბოლოო შედეგად არ გამოაცხადის. გახანგრძლივდეს და მეორე ეტაპი გაგრძელდეს. რომ ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა განსაზღვროს პირობები, თორემ ძალიან რთულად წავა საქმე. იქნება დიდი პროტესტი, როგორც გულშემატკივარს ვურჩევ მას, რომ ეს წინადადება გაითვალისწინოს“, – აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა გადაცემა „არჩევანში“.