თბილისის საკრებულოს წევრები ილია ჭავჭავაძის მუზეუმს ეწვივნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებთან ერთად, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი მოინახულა და მოძრავ ექსპოზიციას “ილია – XXI საუკუნის ადამიანი” გაეცნო.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, დეპუტატებმა: ია მაკასარაშვილმა, ზაზა კოლელიშვილმა და მანუჩარ მაჩაიძემ ღონისძიების ფარგლებში მოისმინეს მოხსენება თემაზე: “მე-19 საუკუნის II ნახევრის ქართველი საზოგადო მოღვაწეები ქალთა უფლებების შესახებ”.

გიორგი ალიბეგაშვილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მან დამსწრე საზოგადოებას მუზეუმების საერთაშორისო დღე მიულოცა და ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობაზე ისაუბრა.

“ერის კულტურის საზომი მისი წარსულია. ყველას ვულოცავ მუზეუმების საერთაშორისო დღეს, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის თანამშრომლებს. ამ არაჩვეულებრივი ადამიანების მეშვეობით ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა დაცულია. ამ სახლში 1889-1901 წლებში ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა. აქვე გადმოიტანა მწერალმა გაზეთ “ივერიის” რედაქცია და სტამბა”, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

მუზეუმი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპოზიციაა განთავსებული, მეორეში – მემორიალური ნაწილი: “ივერიის” რედაქტორის სამუშაო კაბინეტი, სასტუმრო ოთახი, სასადილო ოთახი. ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპოზიცია თემატურად მრავალფეროვანი და ქრონოლოგიურად დალაგებულია. სახლის მეორე სართულის რამდენიმე ოთახი, თავის დროზე, ილია ჭავჭავაძემ ქველმოქმედებისათვის ცნობილ ექიმს – მიხეილ გედევანიშვილს დაუთმო, რომელმაც შემოიტანა რენტგენის აპარატურა საქართველოში და უფასო სამკურნალო გახსნა. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმის ფონდში დღეისათვის 16 000 ექსპონატია დაცული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები