EurasiaNet საქართველოში 17 მაისის მოვლენებს სტატიას უძღვნის
„საქართველო: ლგბტ-თა უფლებების დაცვის მშვიდობიანი დღე ცივილიზებული სახელმწიფოს დასტურია“, – ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა სტატიას, სადაც 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებებს ეხმაურება.
პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ ლგბტ აქტივისტები თბილისში რამდენიმე ჯგუფად შეიკრიბნენ, ძირითადად, იმისათვის, რომ ხაზი გაესვათ იმ სანქციის მნიშვნელობისთვის, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სახელმწიფოს 2012 წელს ანტიჰომოფობიურ დემონსტრაციაზე მომხდარი შეტაკების გამო დააკისრა.
აქვე მოყვანილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც, რომ „ძალადობის ნაკლებობა საქართველოში არის დასტური იმისა, რომ ეს არის ღირსეული, გამორჩეული საზოგადოების ცივილიზებული სახელმწიფო“.
სტატიაში ნათქვამია, რომ დემონსტრანტების ერთი ჯგუფი ძველ ქალაქში შეიკრიბა. ისინი პოლიციის კორდონით იყვნენ გარშემორტყმულნი. მეორე ჯგუფი კი ვაჩნაძის ქუჩაზე შეგროვდა, სადაც 2012 წელს პოლიციამ ძლივს მოახერხა რამდენიმე ლგბტ-ს გადარჩენა.
„12 მაისს სტრასბურგის სასამართლომ 33 500 ევროს გადახდა დააკისრა სახელმწიფოს იმის გამო, რომ მან 2013 წელს ლგბტ უფლებების დაცვა ვერ მოახერხა. ისინი, ვინც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნების სასარგებლოდ ეწევა აგიტაციას, აცხადებენ, რომ ევროკავშირი და მისი ლგბტ-ტოლერანტული პოლიტიკა ქართულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება (მსგავსი არგუმენტი გაკეთდა სომხეთშიც). 17 მაისს, საპროტესტო აქციის მონაწილეები, მათ შორის, რამდენიმე მღვდელი, შეკრებილი იყო ევროკავშირის ოფისის წინ, თბილისში. მათ ევროკავშირს ბრალი დასდეს “ჰომოსექსუალების პროპაგანდაში”. აქტივისტების ქმედება სპონტანური და მშვიდობიანი იყო, ბევრი მსჯელობა გაიმართა ინტერნეტითა და ტელეეთერით”, – წერს სტატიის ავტორი.