სოციალური მომსახურების სააგენტომ „ნატახტარის“ ქარხანაში დასაქმებული ბენეფიციარები მოინახულა

ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოსა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს აღნიშნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, რევაზ ბარბაქაძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ.

მემორანდუმი ფონდი „ნატახტარის“ პროექტის – „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობასა და გამართული აქტივობების მხარდაჭერას ითვალისწინებს. კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორის, თორნიკე ნიკოლაიშვილის თქმით, ფონდის მიზანი მზრუნველობამოკლებული მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

„ფონდი ოთხი წელია არსებობს. ყველაზე დიდი მიღწევა, შემიძლია ვთქვა რომ სხვადასხვა კომპანიებში დასაქმებული 61 ბენეფიციარია. ფონდის მიზანია, მოამზადოს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზრუნველობამოკლებული მოზარდები და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციასხელი შეუწყოს. 61 ახალგაზრდიდან, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა კომპანიაში, სამი, კომპანია „ნატხატარის“ ტექნიკურ განყოფილებაშა დასაქმებული“, – აღნიშნა თორნიკე ნიკოლაიშვილმა. როგორც ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველო“-ს ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა ომარაშვილი განმარტავს, კომპანია „ნატახტარი“ და აღნიშნული ფონდი დაახლოებით ოთხი წელია თანამშრომლობენ. მისივე თქმით, მათი წლევანდელი ყველაზე დიდი შედეგი ის ათი ბენეფიციარი სტუდენტია, რომელიც საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლობს.

„კომპანია „ნატახტარსა“ და ჩვენს ასოციაციას შორის თანამშრომლობა 2011 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარდამხარ შევხვდით ბევრ გამოწვევას და ბევრი წარმატებაც ვიზეიმეთ. არაერთხელ გვითქვამს, წლევანდელი ჩვენი ყველაზე დიდი შედეგია, რომ უკვე 10 ბენეფიციარი სტუდენტი გვყავს, რომლებიც საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობენ. ასევე ბევრი ბენეფიციარი ემზადება სასკოლო საგნებში და სექტემბრისთვის ველოდებით, რომ უფრო მეტი სტუდენტი გვეყოლება. ბენეფიციარებისთვის სტაჟირება და დასაქმება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დამსაქმებლებს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო Coffee Break-ს, ასევე Down Town-ს, „გარდენიას“, Skyle-ს, Leaving Stone-ს და კიდევ ბევრ კომპანიას, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ 247 ბენეფიციარს მოვემსახურეთ“, – განაცხადა მანანა ომარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე აცხადებს, რომ სოციალური პროექტების მთავარი განმახორციელებელი სწორედ სოციალური მომსახურების სააგენტოა.
აღნიშნულ პროექტებს შორის კი ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უჭირავთ.
„ბავშვებზე ზრუნვა საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ. მთავრობაში გასულ წელს ამ მიმართულებით სპეციალური საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გახლავთ და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მუშავდება. სოციალური პროექტების მთავარი განმახორციელებელი სოციალური მომსახურების სააგენტოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ სოციალურ პროექტებს შორის ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსუჭირავს. ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტი ხორციელდება. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის სახელით დიდ მადლობას მოგახსენებთ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ძალიან კარგი იქნება თუ სხვა კერძო კომპანიებიც გაითვალისწინებენ ამ პრაქტიკას, გამოცდილებას. მოგვბაძავენ და ამ ნამდვილად კეთილშობილურ საქმეს, რასაც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე მეთვალყურეობა ჰქვია, აიღებენ და შეეხიდებიან სახელმწიფოს“, – აღნიშნავს ზაზა სოფრომაძე.
როგორც ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, რევაზ ბარბაქაძე განმარტავს, მათი საქმიანობის ძირითადი მიზანი და მიმართულება ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის სწორი გზის ჩვენებაა.
„ჩვენი ორგანიზაცია უკვე მეხუთე წელია თანამშრომლობს სააგენტოსთან. ასევე ვთანამშრომლობთ ფონდ „ნატახტართან“. ჩვენი ორგანიზაცია სამომავლოდ კიდევ აპირებს მუშაობის გაგრძელებას. ვმუშაობთ დამატებითი რესურსების მობილიზებისთვის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უფრო გავაძლიეროთ, სოციალური საწარმოს შექმნა იქნება ეს თუ რამე სხვა პროგრამები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფონდ, „ნატახტარს“ თანამშრომლობისთვის“.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ. “საქართველოს კარიტასის” მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებისთვის ქარხანაში ლიმონათის ტური გაიმართა და სტუმრები ლიმონათის ჩამოსხმის სრულ საწარმოო ციკლს გაეცნენ. მათ სამახსოვროდ სერტიფიკატები გადაეცემათ. გელა გოგილაშვილი, ბენეფიციარი: „სამი წელია, რაც ვარ პროექტის ბენეფიციარი. თვენახევარია, რაც დასაქმებული ვარ კომპანია „ნატახტარის“ ქარხანაში, ლუდის და ლიმონათის ჩამოსხმის განყოფილებაში. კმაყოფილი ვარ მუშაობით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ნატახტარს“.
შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად სრულწლოვანების გამო, საშუალოდ 10-15 ბავშვი გადის სახელმწიფო ზრუნვიდან. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს მზრუნველობაში დღესდღეობით რამდენიმე ასეული ბავშვია. მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში – 334 ბავშვი, მინდობით აღზრდაში- 1205.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები