განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებები ფართოვდება
“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებები გაუფართოვდება. ცვლილებების თანახმად, სამინისტროს შესაძლებლობა ეძლევა, სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ზოგადი განათლების სფეროში გაწეული მომსახურება/საქმიანობის საფასური თავად დაადგონოს.
გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაძლებლობა მიეცემა, გამოცდებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და განხილვის ვადები და წესი დაადგინოს.
“გასაჩივრების “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილი ვადის განმავლობაში, ასევე დადგენილი წესით განხორციელების შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია საგამოცდო შედეგების დროული დამტკიცების უზრუნველყოფა”, – განმარტავენ უწყებაში.
ამ მიმართულებით ცვლილებები “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შედის, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.