გაზაფხულის ერთი დღის სიზმარი – ბავშვებმა თანატოლებს თეატრალური წარმოდგენა გაუმართეს
ევროპული სკოლის ბავშვების მონაწილეობით, 18 მაისს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში, სპექტაკლი „ზაფხულის ღამის სიზმარი“ დაიდგა.
უილიამ შექსპირის პიესა ბავშვებმა თავიანთ თანატოლებს: „ჩემი სახლის ბავშვებს“, ბოდბეში არსებულ „ქედელისა“და ორგანიზაცია „კარიტასის“ მარტყოფის შშმ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს წარუდგინეს.
ბავშვებს სცენა უსასყიდლოდ დაუთმო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელმა, დიმა ხვთისიაშვილმა. სპექტაკლის მხარდამჭერები იყვნენ: კომპანი „ზედაზენი“ და „გურჯაანის ნაყინი“, რომლებმაც ბავშვებს ლიმონათითა და ნაყინით უმასპინძლეს.
სპექტაკლის საინფორმაციო მხარდაჭერი იყო პორტალი „კვირა“.
როგორც „ჩემი სახლის“ დაამარსებელმა, მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ „კვირას“ განუცხადა, სპექტაკლის მთავარი მიზანი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისა და შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციაა და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის ღონისძიება, რომელიც ბავშვებს საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად დაეხმარება, მით უფრო, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებსა და შშმ ბავშვებს.
ნინელი ჭანკვეტაძე მადლობას უხდის მოზარდმაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელს, დიმა ხვთისიაშვილს, რომელმაც ბავშვებს სცენა უსასყიდლოდ დაუთმო, ასევე კომპანიებს: „ზედაზენსა“ და „გურჯაანის ნაყინს“ თანადგომისთვის და პორტალ „კვირას“ საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.
„დღეს შედგა ასეთი შეხვედრა, რომელსაც, პირობითადად, „ბავშვები-ბავშვებისთვის“ დავარქვით. მონაწილეობდა ევროპული სკოლის ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს მსახიობი ლიკა ქობულაძე. ამ წარმოდგენას ჩვენც შევუერთდით, როგორც „ჩემი სახლის ბავშვები“, ასევე სხვადასხვა ბავშვთა სახლები გვყავდა სტუმრად. შემოგვიერთდნენ: ბოდბეში არსებული ბავშვთა სახლი „ქედელი“, რომელიც შეზღუდული უნარების მქონე ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლია; ასევე, მარტყოფის შშმ ბავშვთა სახლი. ასევე არსებობს ასეთი ორგანიზაცია „კარიტასი“, რომელიც ბავშვთა სახლებს აერთიანებს და მათი ბავშვებიც იყვნენ დღეს ჩვენთან ერთად.
ვფიქრობ, რომ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები, რადგან ამ ღონისძიებების მთავარი მიზანი ბავშვთა სახლის ბავშვებისა და ასევე, შშმ ბავშვების სხვა ბავშვებთან ინტეგრაციაა, რასაც ბევრი შრომა და მონდომება დასჭირდება. ჩვენი მხარდამჭერები არიან: კომპანია „ზედაზენი“, რომელმაც ბავშვებს ლიმონათების უმასპინძლა და ასევე, „გურჯაანის“ ნაყინი. წარმოდგენის მერე ბავშვებს სხვადასხვა ნუგბარით, „ზედაზნის“ ლიონათითა და „გურჯაანის ნაყინით“ გავუმასპინძლდით. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დიმა ხვთისიაშვილს, რომელმაც დაგვითმო მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენა, ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მადლობა კომპანია „ზედაზენს“ , „გურჯაანის ნაყინს“, მადლობა ამ ბავშვებს, რომლებმაც ამდენი მოინდომეს თავიანთი თანატოლებისთვის და, რა თქმა უნდა, მადლობა პორტალ „კვირას“ საინფორმაციო მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის თანატოლებისთვის წარდგენის იდეა ევროპული სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით.
როგორც მსახიობმა ლიკა ბოლქვაძემ „კვირას“ განუცხადა, მას შემდეგ, რაც სპექტაკლი „ზაფხულის ღამის სიზმარი“ ჯერ სკოლაში, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრის სხვენში დაიდგა, ბავშვებს სურვილი გაუჩნდათ, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისა და შშმ ბავშვებისთვისაც წარედგინათ თავიანთი ნამუშევარი.
ლიკა ბოლქვაძე მხარდაჭრისთვის მადლობას უხდის ევროპული სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნანა მოსიძეს; ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდამყურებელთა თეატრის ხელმძღვანელს, დიმა ხვთისიაშვილს და სპექტაკლის მონაწილე ბავშვებს, რომლებმაც დიდი შრომა ჩადეს ქორეოგრაფ ანა ჩაჩხიანთან ერთად.
როგორც ლიკა ბოლქვაძე აღნიშნავს, ბავშვთა დღე არის არა მხოლოდ 1 ივნისს, არამედ ყოველდღე.
„შექსპირის საიუბილეო თარიღი მოდიოდა და ევროპულმა სკოლამ, სადაც მე ვმოღვაწეობ, სადაც მაქვს ჩემი თეატრალური სტუდია, მთხოვა, უილიამ შექსპირის რაიმე დამედგა. რადგან ჩემი არაჩვეულებრივი ბავშვებით ვიყავი წარმოდგენილი და ამათ ასაკის დიდი სხვაობა აქვთ, ვიფიქრე, რომ ალბათ, სჯობს დავდგა „ზაფხულის ღამის სიზმარი“, მით უმეტეს, სეზონურადაც ლოგიკურად მიმაჩნია. ამის შემდეგ დავიწყე ამ არაჩვეულებრივ ბავშვებთან მუშაობა.
ეს სპექტაკლი თვენახევარში გავაკეთეთ. სკოლის დირექციის გარეშე ამხელა სამუშაო, ამხელა ძალისხმევა, არანაირად არ მოხდებოდა. ეს არის ევროპული საკოლის დირექტორის, ქალბატონი ნანა მოსიძის დამსახურება, მადლობას ვეუბნები მხარდაჭერისთვის. ეს ადამიანი არის საოცრად კრეატიული და არის ევროპულად მოაზროვნე ქართულ სივრცეში. სპექტაკლი ჯერ სკოლაში ვითამაშეთ, შემდეგ მარჯანიშვილის სხვენში დავდგით, სწორედ ამის შემდეგ მითხრეს ბავშვებმა, ხომ არ მიგვეძღვნა ეს სპექტაკლი შეჭირვებული ბავშვებისთვისო. ძალიან გამახარა ბავშვების ასეთმა თანაგრძნობის უნარმა, სიყვარულმა, ეს ჩემთვის დიდი ზეიმი იყო. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ქალბატონ ნინელის მივაკითხეთ და მან იმწამსვე აიტაცა ჩვენი იდეა. დღეს, ჩვენდა საბედნიეროდ, დარბაზში გვყავს ბავშვები, ვისაც დღევანდელ სპექტაკლს ვუძღვნით, რადგან არ მიმაჩნია, რომ ბავშვთა დაცვის დღე მხოლოდ 1 ივნისსაა. ბავშვის დღე ყოველდღეა, ყოველ წამსა და ყოველ წუთს. მადლობას ვუხდი ევროპული სკოლის დირექციას, მოზარდმაყურებელთა თეატრს, რომელსაც ბატონი დიმა ხვთისიაშვილი ხელმძღვანელობს. რომ არა ბატონი დიმა, ქალბატონი ნინელი, ევროპული სკოლა, ეს არაჩვეულებრივი ბავშვები, ეს ყველაფერი ამ დონეზე ასეთი ზეიმით ვერ მოხდებოდა“, – განაცხადა ლიკა ქობულაძემ.
სპექტაკლმა სრული აშლანგით ჩაიარა. წარმოდგენის დასასრულ, მოზარდმაყურებელთა ფოიეში ბავშვებს კომპანია „ზედაზენისა“ და „გურჯაანის ნაყინის“ ნუგბარით გაუმასპინძლდნენ.