გურამ ადამაშვილი თურქეთში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
კომპანია “პოლუქსი”- ს ორგანიზებით თურქეთის ქალაქ სტამბულში 18-21 ივნისს ტრენინგ ტური მოეწყობა, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ საგანგებო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.
ღონისძიების ფარგლებში „პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი შეხვედრებს გამართავს თურქეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო და კულტურული თემების გარშემო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები იქნება განხილული.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოს, თურქეთის არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა განათლება, კულტურა, ადამიანის უფლებების დაცვა. განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ გამოცდილების მიღება ჩვენი თურქი კოლეგებისაგან, რაც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, რადგან მოგეხსენებათ, თურქული საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის სახელმწიფო სეკულარულია, მაინც სპეციფიურია იმ გაგებით, რომ თუ ერთის მხრივ, მსხვილ ქალაქებში ადამიანის, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებები უფრო მეტადააა დაცული, მეორეს მხრივ, პროვინციებში სხვა სურათია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ძალზე საინტერესო იქნება იმ მდგომარეობისა და ინფორმაციის გაცნობა, რასაც ჩვენი თურქი კოლეგები უშუალოდ მოგვაწვდიან“, – აცხადებს გურამ ადამაშვილი.