ბრიტანული ლიტერატურის საღამო მწერალთა სახლში

19 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურის მოყვარულებს, არაჩვეულებრივი საღამო ელით, რომელიც თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალთან თანამშრომლობით ქართველ მკითხველებს შესაძლებლობას მისცემს, შეხვდნენ თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურის წარმომადგენლებს ანთეა ნიკოლსონს და სარა ბოუერს.
ორსაათიანი შეხვედრის დროს ავტორები წაიკითხავენ ნაწყვეტებს საკუთარი ნაწარმოებებიდან და ისაუბრებენ ლიტერატურაში ისტორიული მასალის გამოყენების მეთოდებზე, უპასუხებენ დამსწრეთა შეკითხვებს. საღამო წარიმართება ინგლისურ ენაზე, თარგმანი – ქართულ ენაზე. საღამოს მოდერატორია დრამატურგი და მთარგმნელი დათო გაბუნია.
ანთეა ნიკოლსონმა მხატვრული პროზის წერა მოგვიანებით, როცა უკვე წარმატებული მხატვარი იყო, მაშინ დაიწყო. 2005 წელს მიიღო შემოქმედებითი წერის მაგისტრის ხარისხი ბეთ სპა უნივერსიტეტში, შემდეგ კი ერთი წლის მანძილზე იყო რეზიდენტი მწერალი დარტმურში. ნიკოლსონი ცხოვრობს ბრისტოლში (ინგლისი) და საქართველოში.
2013 წელს გამოცემული „მცურავი ღრუბლების ალამი“, (გამომცემლობა გრანტა ბუქსი) ანთეა ნიკოლსონის სადებიუტო რომანია.
აღსანიშნავია, რომ რომანმა ბრიტანული პრესის ავტორიტეტული წარმომადგენლებისგან (გარდიანი და ტელეგრაფი) ოთხვარსკვლავიანი შეფასებები დაიმსახურა.
ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, რომ რომანის გმირები ქართველები არიან და რომანში ქართველებისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტის მხატვრული ინტერპრეტაციაცაა მოცემული.
იმ დღეს, როცა იოსებ სტალინი გარდაიცვალა, თბილისში, ერთ-ერთ სამშობიაროში ბავშვი დაიბადა. მშობლები უფროსი შვილის სიკვდილს გლოვობენ; ამიტომ ვერც კი შეამჩნიეს, რომ მათ ახალშობილს მედდებმა იოსები დაარქვეს. მათი გვარი ჯუღაშივილია, რაც ნიშნავს, რომ ბიჭუნას იგივე გვარ-სახელი აქვს, რაც ყველაზე ცნობილ ქართველს – იოსებ სტალინს.
როცა იოსები „ფოლადის კაცთან“ უცნაურ კავშირზე შეიტყობს, რწმუნდება, რომ სტალინმა ახალი თავშესაფარი მის სხეულში ჰპოვა. ეს არის ტვირთი, რომელიც მას ერთდროულად, სიამოვნებს და ზარავს.
„მცურავი ღრუბლების ალამი“ აღწერს თბილისურ ცხოვრებას და გვთავაზობს კომუნისტურ საქართველოში ცხოვრების სიღრმისეულ წვდომას. იოსების პერსონაჟის სახით ანთეა ნიკოლსონმა შექმნა უნიკალური მთხრობელი. ესაა ერთდროულად მსხვერპლი რეჟიმისა, რომელიც მას და მთელს მის ოჯახს ცხოვრების ყველა ასპექტს კარნახობს, და თანამონაწილეც ამ იდეოლოგიისა და პრაქტიკისა. ავტორი ხატავს კომუნიზმის მორჩილ მოქალაქეს, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ მომხიბვლელობას, მაგრამ ამავე დროს საოცრად შესაბრალისი და შთამბეჭდავია. მის მიმართ მიტევების განცდა მხოლოდ მას მერე ჩნდება, როცა იოსები თავისდაუნებურად ანადგურებს საკუთარ ოჯახს.
ამჟამად მწერალი მეორე რომანზე მუშაობს.
ანთეა ნიკოლსონის ფესტივალში მონაწილეობის მხარდამჭერია ბრიტანეთის საბჭო საქართველოში.
სარა ბოუერს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული თავისი რომანებისა და მოთხრობებისთვის. 2007 წელს რომანისათვის „სისხლიანი ნემსი“ მიიღო სიუზენ ჰილის პრემია. მეორე რომანი „სიყვარულის წიგნი“ (ამერიკული სათაურია „ბორჯიათა ოჯახის ცოდვები“) ცხრა ენაზე ითარგმნა და „ტორონტო გლოუბისა“ და „მეილის“ ბესტსელერი გახდა 2009 წელს. მეოთხე რომანი, „ეროზია“ 2014 წელს გამოიცა. მოთხრობები და ესეები კი მრავალგზის დაიბეჭდა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა „MsLexia“, „Words Without Borders“ და „Asian Cha“, ასევე გადაიცა ბიბისის რადიოთი.
ბრიტანეთის საბჭო – დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია – ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან კულტურისა და განათლების სფეროებში. მისი მოქმედების არეალი 110 ქვეყანას მოიცავს. ბრიტანეთის საბჭო ხელს უწყობს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას სხვა ქვეყნებთან სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის ურთიერთნდობის ამაღლებისა და ბრიტანული იდეებისა და მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით. ბრიტანეთის საბჭო არის დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია. www.britishcouncil.org
საქართველოს მწერალთა სახლი – საქართველოს მწერალთა სახლი მიზნად ისახავს ქართული მწერლობისა და ხელოვნების განვითარების, ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლების ურთიერთანამშრომლობის და მათი საქმიანობის ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები