თბილისის საკრებულოში „სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსის“ მონაწილეთა ნამუშევრების დაჯილდოება გაიმართა

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში „სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსის“ მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება თბილისის საკრებულოსა და ააიპ „ქართველ სომეხთა კავშირის“ ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა. სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსი ააიპ „ქართველ სომეხთა კავშირის“ მიერ 2015 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს, კერძოდ კი, თბილისის მრავალფეროვნების წარმოჩენას და ფარაჯანოვის შემოქმედების შესახებ ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლებას.

„თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, მან განაცხადა, რომ ახალგაზრდა თაობისთვის მსგავსი სახის კონკურსებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა, დღე, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის კულტურულ მრავალფეროვნებას და იმ ღირებულებებს, რომლებზეც ჩვენი ქალაქი საუკუნეებია დგას. სერგო ფარაჯანოვი არის გამორჩეული ხელოვანი, რომლის შემოქმედება გასცდა ეროვნულ და გეოგრაფიულ საზღვრებს და მსოფლიო კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. საკრებულოსთვის მულტიკულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ძლიერი ქალაქი იქმნება სწორედ ასეთი ინიციატივებით და ამ ინიციატივებში მომავალი თაობების ჩართვით. გილოცავთ კონკურსის მონაწილეებს და გამარჯვებულებს, კიდევ მრავალ წარმატებას გისურვებთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ მარგალიტა ხიდირბეგიშვილი, ქალაქ თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და აშოტ სმბატიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. საღამოს „ქართველ სომეხთა კავშირის“ ხელმძღვანელი მარიამ არაქელოვა უძღვებოდა.

„სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს და სიგელები გადასცეს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ – III ადგილის გამარჯვებულს სალომე ოსაძეს; საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ – II ადგილის გამარჯვებულს ვახტანგ ეგიაზაროვს და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა – I ადგილის გამარჯვებულს ერნა დოლმაზოვას.

შემოქმედებით საღამოზე ასევე გაიმართა ალბომ „ფარაჯანოვის რექვიემის“ პრეზენტაცია, რომელიც 2025 წელს საქართველოში სომხეთის საელჩოს და საქართველოს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის მხარდაჭერით გამოიცა.

ღონისძიებაზე „ტოლერანტობის ამაგდარის“ წოდებით – მედლითა და საპატიო სიგელით – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე დააჯილდოვეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად უამრავი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას ფარაჯანოვის კონკურსში, რომელიც ეფუძნება თავისუფლების იდეის ასახვას სხვადასხვა ტიპის ნამუშევრებში: ფოტოგრაფიაში, ინსტალაციაში და სხვა შემოქმედებით ფორმებში.

„ნამდვილად სიმბოლურია თბილისის საკრებულოში ვმასპინძლობდეთ სერგო ფარაჯანოვის კონკურსს, ვინაიდან თბილისი არ ყოფილა მისთვის მხოლოდ დაბადების ადგილი, ეს იყო ქალაქი, რომელმაც მას მისცა ხედვა და მოტივაცია გამხდარიყო თბილისის ხმა მსოფლიო კულტურაში; ქალაქი, რომელიც თავად არის კულტურათა გადაკვეთა, ენათა თანაარსებობა. ფარაჯანოვის კონკურსი გაგრძელდება, მუნიციპალიტეტი იქნება ყველა იმ ადამიანის მხარდამჭერი და გულშემატკივარი, რომლებიც ხელს უწყობენ მსგავსი კულტურული პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

კონკურსის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის საკრებულო, ხოლო კონკურსის პარტნიორები არიან თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის შარლ აზნავურის სახელობის კულტურის ცენტრი და „მხატვრის სახლი“․

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სომხური სათვისტომოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები