კახა ბექაური: დღეს ტელევიზიის გახსნა 10 დღეშია შესაძლებელი, ქვეყანაში კი 100-ზე მეტი არხია
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, ტელეიმედის გადაცემა „იმედი ლაივში“ ბოლო 10 წლის განმავლობაში მაუწყებლობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გატარებულმა ლიბერალურმა მედიაპოლიტიკამ უზრუნველყო სიტყვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და მაუწყებლობის განვითარებისთვის ფუნდამენტურად განსხვავებული გარემო.
წამყვანის კითხვაზე, თუ რა შეიცვალა მაუწყებლობის სფეროში ბოლო წლებში, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა იყო, რამაც ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლა და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება შესაძლებელი გახადა.
მისივე თქმით, 2012 წლამდე ქვეყანაში მაუწყებლობის დაწყება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, არსებობდა შეზღუდული გარემო და სულ 4 ეროვნული მაუწყებელი ფუნქციონირებდა.
„დღეს ქვეყანაში უკვე 21 ეროვნული მაუწყებელია და ჯამში 100-ზე მეტი ტელევიზია მაუწყებლობს“, – აღნიშნა კახა ბექაურმა.
ComCom-ის თავმჯდომარემ ყურადღება ასევე გაამახვილა იმაზე, რომ ლიცენზირების რეჟიმის გაუქმების შემდეგ, მაუწყებლობის დაწყება ავტორიზაციის მარტივი და სწრაფი პროცედურით გახდა შესაძლებელი. მისი განცხადებით, დღეს ნებისმიერი მსურველი მაუწყებლობის დაწყებას ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სისტემით, სულ რაღაც 10 დღეში ახერხებს.
კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად არის ქვეყანაში დაცული სიტყვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი, თუმცა ამავე დროს არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევებიც. მისივე თქმით, მაუწყებლობის სფეროში კვლავ პრობლემად რჩება დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია და ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთში აღრევა, რაც მაყურებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ხელს უშლის.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ შევიდა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომლის ფარგლებშიც, დარეგულირდა მაუწყებლობის თვითრეგულირების ორგანოს ინსტიტუციური მოწყობის საკითხები. ამასთან, მისივე თქმით, ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა ტერორიზმისკენ მოწოდება და სიძულვილის ენა – კომუნიკაციების კომისიის რეგულირებას დაექვემდებარა.
კახა ბექაურის განცხადებით, 2025 წლის აპრილიდან კანონში შესული ცვლილებების შედეგად რეგულირებას ასევე დაექვემდებარა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და საგანგებო ვითარების გაშუქების საკითხები.