მედიის ცნობით, ნატო შიშობს, რომ ტრამპმა შესაძლოა უკრაინას დახმარება შეუწყვიტოს
ნატო-ს ოფიციალური პირები შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა უკრაინას დახმარების შეწყვეტით დაემუქროს, თუ დანია გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით პოზიციას არ დათმობს, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა iPaper-ი იუწყება.
„ნატო-ს მაღალჩინოსნებმა iPaper-ს განუცხადეს, რომ შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შეიძლება დაემუქროს უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების შეწყვეტით, თუ დანია მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს“, – წერს გამოცემა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კითხვაზე, შეუძლია თუ არა ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო ან სადაზვერვო მხარდაჭერა მოლაპარაკებებში ბერკეტად გამოიყენოს, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა დადებითი პასუხი გასცა.