რატომ სჭირდება ქვეყანას “ელექტრონული მთავრობა“ და რა სარგებელს მოუტანს სისტემა მოქალაქეებს
სამთავრობო უწყებებს შორის ეფექტიანი, მჭიდრო ურთიერთობა, მოქალაქის როლის გაძლიერებას სახელმწიფოს მართვის პროცესში, ქვეყნის მართვის გამჭვირვალობა, მოქალაქეს, ბიზნესსექტორსა და ხელისუფლებას შორის მჭიდრო ურთიერთობა,მატერიალური და ადამიანური რესურსების დაზოგვა, კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება – ეს „ელექტრონული მთავრობის“ გამართულად ფუნქციონირების შედეგად მოტანილი სარგებლის არასრული ჩამონათვალია.
ქართველი მეცნიერების საინიციატივო ჯგუფმა, მარკეტინგული კვლევის მეთოდებისა და სტრატეგიული დაგეგმვის ინსტრუმენტების გამოყენების საფუძველზე შექმნა „საქართველოს ელექტრონული მთავრობის განვითარების მარკეტინგული სტრატეგია“. სტრატეგიაში საუბარია საქართველოს “ელექტრონული მთავრობის“ განვითარების მიმართულებებზე, სტრატეგია ემყარება სიღრმისეულ კვლევას. სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე. რატი აბულაძე “კვირასთან“ ინტერვიუში დეტალურად განმატავს, რას ნიშნავს “ელექტრონული მთავრობის“ არსი, რა მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს სისტემის ფუნქციონირებას მოქალაქეებისთვის, მთავრობისთვის, ბიზნესსექტორისთვის და სხვა სფეროებისთვის.
-ბატონო რატი, განმარტეთ რას ნიშნავს “ელექტრონული მთავრობა“ და რა სარგებელი მოაქვს აღნიშნულ სისტემას?
-არსებული რეალობიდან გამომდინარე სახელმწიფოს ეფექტურად მართვა ელექტრონული მმართველობის გარეშე ვერ მოხდება. “ელექტრონული მთავრობა“ მართვის თანამედროვე მეთოდია. იგი თითოეულ მოქალაქეს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სარგებლით უზრუნველყოფს.
ელექტრონული მმართველობა ეფუძნება ინფორმაციისა და კომუნიკაციათა ტექნოლოგიების გამოყენებას ქვეყნის მართვის პროცესში. ის მოიცავს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე სახელმწიფო მმართველობას ეროვნულ დონეზე და უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს. ელექტრონულ მმართველობას შეუძლია სახელმწიფო სექტორის ყოველდღიური მუშაობა გახადოს გაცილებით უფრო: რაციონალური, ხალხთან დაახლოებული და, ამასთან, გაცილებით უფრო ეკონომიური; დაზოგოს ფინანსები, მატერიალური და ადამიანური რესურსები; მისი მეშვეობით გაცილებით უფრო ეფექტიანი ხდება სახელმწიფოს ურთიერთობა საზოგადოებასთან, მოქალაქესთან, რეგიონებთან, ბიზნესთან, ასევე თვით სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ურთიერთობა; აადვილებს და აჩქარებს საქმეთა წარმოებას და მოქალაქეთა მომსახურებას. წარმოვიდგინოდ გლობალური ქსელი, სადაც ჩართული ყველა სამთავრობო უწყება ამ უწყებებთან ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ბიზნესმენებს სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის მეშვეობით შეუძლიათ მუდმივ კონტაქტზე ყოფნა, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, სერვისების გაცნობა, იდეების შეთევაზება. ბიუროკრატიული პროცესების შემცირება. ეს არის მექანიზმი, რომელიც ქმნის მძლავრ სახელმწიფო სისტემას.
-ჩვენს სახელმწიფოში რა დონეზეა განვითარებული „ელექტრონული მთავრობის“ სისტემა და რა სამუშაოებია ჩასატარებელი, მის დასახვეწად?
-დღეს, გაეროს ყველა წვერ სახელმწიფოშია „ელექტრონული მთავრობის“ სისტემა (განვითარების სხვადასხვა დონეზე). მათ შორის წევრი ქვეყნების 13%-ში “ელექტრონული მთავრობის“ განვითარება ძალიან მაღალ დონეზეა, რაც შეეხება საქართველოს (იმყოფება განვითარების მაღალ დონეზე), “ელექტრონული მთავრობის“ სისტემა კარგადაა განვითარებული, თუმცა მისაწვდომია მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის. ასევე, აღმასრულებელი ორგანოების ძალისხმევით წარმოებს ელექტრონული მომსახურებების შექმნა და დანერგვა, იქმნება საქართველოს ციფრული განვითარების სტრატეგიები, თუმცა ელექტრონული მმართველობის შესახებ კონცეფცია არ არის ჯერ რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ, ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ საჯარო განხილვის დონეზეა, შესაბამისად, ბუნდოვანია განხორციელების ვადები, ამის გარეშე კი ვერცერთ ორგანოს ვერ ექნება ვალდებულება, რომ ელექტრონულ მთავრობაში შემავალი უწყების შესაბამისად ყველა სერვისი სწრაფად და ხარისხიანად შესთავაზოს მომხმარებელს (ანუ ქვეყანაში არ არის პროცესებზე ერთი ორგანო პასუხისმგებელი). ელექტრონული მთავრობის განვითარება არ გულისხმობს მხოლოდ ინფრასტრუქტურას, პლატფორმას, ინტერნეტ-აპლიკაციებს, ვებგვერდებს, მომსახურების სახეებს. მოქალაქეებისთვის მნიშნელოვანია ისეთი სისტემა, რომელიც იქნება ცოდნის ზრდის, ინფორმაციულობის ამაღლების, დასაქმების ხელშეწყობის, უსაფრთხოების, სოციალ-ეკონომიკური კეთილდღეობის, მომსახურების სწაფად მიღების, მოთხოვნილებების დაკმაყოფილების და საზოგადოებრივი კაპიტალის შექმნის საშუალება.
ამ ეტაპზე არსებობს სამოქმედო გეგმა, რომელიც მხოლოდ ტექნიკურ მხარეზეა აგებული. მასში არ არის წარმოჩენილი ის, თუ რეალურად რა სარგებელს ნახავს მოსახლეობა “ელექტრონული მთავრობის“ გამართულად ფუნქციონირებით.
-“ელექტრონული მთავრობის“ სისტემით სარგებელი რომ ნახოს მოქალაქემ, უნდა ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა, დედაქლაქში ეს პრობლემა არ დგას, რასაც ვერ ვიტყვით რეგიონებზე…
– რეგიონებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დაბალია, „ელექტრონული მთავრობის“ პრინციპი არის ის, რომ სერვისებით სარგებელი ნახოს ყველა მოქალაქემ, ევროპასა და ამერიკაში, წლების წინ, როცა “ელექტრონული მთავრობა“ ყალიბდებოდა, ჯერ დაიწყეს ინტერნეტის და კომპიუტერის ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა, ჩვენთან თითქოს პირიქით ხდება, ჯერ სერვისებზე მუშაობენ, ეს სერვისი თუ ხელმისაწვდომი არ იქნა, მიზანი ვერ იქნება მიღწეული. დანართები და აპლიკაციები ჩვენთან მრავალფეროვანია, შეიძლება ევროპის ქვეყნებს არ ჩამოუვარდებით, თუმცა მათზე წვდომაა საჭირო, კარგია, რომ იწყება პროექტი, რომლის მიხედვითაც იმ სოფლების ინტერნეტიზაცია უნდა მოხდეს, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ კარგი იქნებოდა, ეს ადრე დაწყებულიყო, რომ დროში მოგვეგო. ელეტრონული მომსახურების განვითარების დონით შესაძლოა, არ ჩამოუვარდებით ევროპის ქვეყნებს. 54-ე ადგილზე ვართ. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. ელექტრონული მომსახურება არის, მაგრამ ხელმისაწვდომობა ძალიან დაბალია.
ჩვენს ქვეყანაში არაერთი მიმართულებით განსავითარებელია ესა თუ ის რესურსი, იგივე განათლებაში, უმღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალი აუთვისებელია, სერიოზული მუშაობაა საჭირო, რომ მოსახლეობასთან, ბიზნესმენებთან ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლით ასეთი რესურსების რეალიზება მოხდეს… “ელექტრონული მთავრობა“ ხელს უწყობს ინტერნეტბაზრის განვითარებას. ინტერნეტბაზარი ქმნის სამუშაო ადგილების წინაპირობას ამცირებს უმუშევრობას, წარმოაჩენს ახალ ბიზნესელიტას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს, დღეს ევროპის ბაზარზე მცირე და საშუალო კომპანიები პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია ინტერნეტთან. ამერიკაშიც დაახლოებით იგივე სურათია, ჩვენთან არ ტარდება სტიმულირების ღონისძიებები, რომ წარმოიქმნას ინტერნეტკომპანიები.
-ინტერვიუს დასაწყისში თქვენ თქმით, რომ “ელექტრონული მთავრობა“ ბიუროკრატიულ პროცედურებს ამცირებს, ხომ არ გამოიწვევს ეს უწყებებში შტატების შემცირებას და იქ დასაქმებულთან ნაწილი სამსახურის გარეშე ხომ არ აღმოჩნდება?
– ევროპაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ “ელექტრონული მთავრობის“ სისტემის ფორმირება თანამშრომლების 25%-იან შემცირებას იწვევს, მაგრამ ეს არის გლობალიზაციის ნაწილი, სამაგიეროდ ხდება კადრების ოპტიმიზაცია, მოქნილი მართვის სისტემის შექმნა, მათი რესურსის სხვა კუთხით მიმართვა.
-თქვენ შეიმუშავეთ სტრატეგია, რომელიც ემყარება კვლევას, რამდენად არის დაინტერესებული საზოგადოება, ესა თუ ის სოციალური ფენა ელექტრონული მთავრობის ინსტრუმენტებით, მომსახურების სისტემით?
– ჩვენ – მეცნიერებმა დავდეთ ქართულ რეალობაში ჩატარებული დასკვნა. როგორც პირისპირ ინტერვიუთი, ისე ონლაინსივრცეში დაახლოებით 1600 კაცი (ყველა რეგიონიდან) გამოიკითხა, აფხაზეთიდანაც კი გარკვეული მონაცემი მივიღეთ, კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოება დაინტერესებულია “ელექტრონული მთავრობით“, მისი სერვისებით. ჩვენ სტრატეგია შექმნილია რვა უნივერსიტეტის მონაწილეობით, აქედან 15 პროფესორ-მასწავლებელი და 40 სტუდენტია, შეიქმნა “საქართველოს ელექტრონული მთავრობის განვითარების მარკეტინგული სტრატეგია“, რომელიც გამოვიდა ნაშრომის სახით და ასევე შექმნილია დოკუმენტი, სადაც კვლევების საფუძველზე აგებულია სტრატეგიული პრიორიტეტები. ეს სტრატეგია აღმასრულებელი ხელისუფლების რამდენიმე უწყებას წარვუდგინეთ, უცხოეთშიც გავიტანეთ კონფერენციებზე, აკადემიურ წრეებში საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა.როგორც ვიცით, მთავრობაც ატარებს კვლევებს, თუმცა ეს არის ფრაგმენტული კვლევები. დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული მთავრობის სტრატეგია, პოლიტიკა და მართვა შედეგის მომტანი არ იქნება,თუ აღმასრულებელი ორგანოები არ დაკომპლექტდება დოქტორის ხარისხის მქონე პირებით, მეცნიერებით, რომლებიც არიან დარგის მკვლევარები, სპეციალისტები.
მარიამ ზედგინიძე