“რატომღაც ჩამოუყალიბდათ წარმოდგენა, რომ მამაკაცი უნდა იყოს თავდაცვის მინისტრი”

საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ თავდაცვის უწყებას ქალი, არასამხედრო პირი არ უნდა ხელმძღვანელობდეს. სალუქვაძისთვის გაუგებარია, ქართული რეალობიდან გამომდინარე, რატომ ჩამოუყალიბდა საზოგადოების ნაწილს მსგავსი შეხედულება.

როგორც სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, 17 თავდაცვის მინისტრიდან მხოლოდ 5 იყო სამხედრო, 11 მინისტრი კი (თინა ხიდაშელის ჩათვლით 12) სამოქალაქო პირი ან სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი იყო.

საჰაერო ძალების ყოფილი სარდლის აზრით, შეთანხმება უნდა მოხდეს იმაზე, რომ სამოქალაქო მინისტრი, ქალი იქნება თუ მამაკაცი, უშუალოდ არ ერეოდეს შეიარაღებული ძალების მართვის საკითხებში.

“ბევრ მეგობართან ცხელი კამათი მქონდა ამ დღეებში. რატომღაც ჩამოუყალიბდათ წარმოდგენა, რომ მამაკაცი უნდა იყოს თავდაცვის მინისტრი. ქალმა ჯარს როგორ უნდა უხელმძღვანელოსო?! ქართულ რეალობაში რამ ჩამოაყალიბა ეს წარმოდგენა, ვერ ვიგებ. 17 თავდაცვის მინისტრიდან მხოლოდ 5 იყო სამხედრო: ჯონი ფირცხალაიშვილი, ლევან შარაშენიძე, გიორგი ყარყარაშვილი, ვარდიკო ნადიბაიძე და დავით თევზაძე (ჩამოყალიბდა სამხედროდ აფხაზეთის ომიდან და შემდგომ პერიოდში). 11 მინისტრი კი (ქალბატონი თინას ჩათვლით 12) სამოქალაქო პირი ან სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი იყო. ამ 11 მინისტრიდან მხოლოდ ერთი მინისტრი არ ერეოდა შეიარაღებული ძალების მართვის საკითხებში, დანარჩენები კი, ფაქტობრივად, სამხედრო მინისტრის ფუნქციებს ითავსებდნენ, რასაც ხშირად კარგი შედეგი არ მოუტანია და არც შეიძლებოდა მოეტანა. ამიტომ, უნდა შევთანხმდეთ, რომ სამოქალაქო მინისტრი, ქალი იქნება თუ მამაკაცი, უშუალოდ არ უნდა ერეოდეს შეიარაღებული ძალების მართვის საკითხებში (ამისათვის საჭიროა ძლიერი გენშტაბი და სარდლობები), ან უნდა გვყავდეს სამხედრო მინისტრი. სხვათა შორის, ვისაც ქალ თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით აქვთ მიღებელი პოზიცია, რატომ არ აქვთ გართულება, თუ ქალი გახდება პრეზიდენტი და, შესაბამისად, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ვერ ვხვდები.

ზემოთ აღნიშნული პირობის დაცვის შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მინისტრად ქალი იქნება თუ მამაკაცი. ჩვენ გვყავს ქალი-ოფიცრები. სხვა ქვეყნებშიც არიან. რატომ ვერ ხდებიან ქალები გენერლები, სარდლები, გენშტაბის უფროსები, ეს ცალკე თემაა. მგონი, მათ არავინ ზღუდავს, თვითონ არ აქვთ ამბიცია, მიაღწიონ გარკვეულ სიმაღლეებს. მაგალითად, ჩვენ გვყავს ქალი მფრინავები. რატომ არ შეიძლება რომელიმე მათგანი გახდეს რგოლის, ესკადრილიის მეთაური ან მეტი? აქ რა, კვოტები უნდა დავაწესოთ, როგორც ამას წინათ გაიჟღერა სამოქალაქო სექტორში? ეს ხომ არასწორია? მე ასე ჩამოვაყალიბებდი: 21-ე საუკუნეში ტერმინი გენდერული თანასწორობა ქალთა დაკნინებად და შეურაცხყოფად მიმაჩნია. ეს იგივეა, როგორც ადრე ფერადკანიანებთან მიმართებაში იყო. დღეს ხომ ამაზე აღარავინ საუბრობს? საქართველოში ქალს ხომ ყოველთვის პატივს ვცემდით და ეს ქართულ ენაში მკაფიოდაა გამოხატული (დედამიწა, დედაბოძი და ა.შ.). დღეს თამარობაა (გილოცავთ!) და თამარ მეფის მოვლენაც არ ყოფილა შემთხვევით. თუმცა, ჩვენში (და არა მარტო ჩვენში), ქალი მაინც სუსტ არსებად აღიქმება, მამაკაცი კი მის დამცავად და რთული აღსაქმელია ქალი – მეთაური, სარდალი ან გენშტაბის უფროსი. თვითონ ქალი, თავისი ბუნებით ცხოვრებაში ძლიერ მამაკაცს ეძებს, რომლის ზურგს ამოეფარება და თავს დაცულად იქგრძნობს. როცა ქალები თანასწორობას ითხოვენ, ის პრობლემებიც უნდა გაითვალისწინონ, რა პრობლემები ახლავს ქალ თანამშრომელს ნებისმიერ ორგანიზაციაში, სამოქალაქო იქნება თუ გასამხედროებული. ქალს აწუხებს ოჯახური პრობლემები, ბავშვები, ორსულობის პერიოდი და ამ პერიოდში (9 თვეს + 2 თვე და მეტი) გარკვეული შეზღუდვები, ეჭვიანი ქმარი და უამრავი სხვა. ეს ჩემი მოგონილი არაა. თვითონ ქალი ხელმძღვანელებიც კი ითვალისწინებენ ასეთ საკითხებს, როცა წყვეტენ, ქალი აიყვანონ სამსახურში თუ მამაკაცი.

ჩვენს სამსახურში ახალი თანამშრომლების აყვანისას ვეძებთ კანდიდატებს არა სქესის ან ნათესაური კავშირის, არამედ განათლების, პატრიოტიზმის და ანალიტიკური აზროვნების მიხედვით. მოკლედ, ქალებთან მიმართებაში საქართველოში ბევრ პრობლემას ვერ ვხედავ. ფაქტობრივად, ყველა პროფესიაში, ხელისუფლების ყველა შტოში ღირსეულად არიან წარმოდგენილნი და არ საჭიროებენ რაიმე განსაკუთრებული წესების დადგენას ან კვოტების გამოყოფას არც პარლამენტში არც სხვაგან. ან კვოტებით როგორ შეიძლება ეს დაარეგულირო? კვოტები უკვე ნიშნავს, რომ თანასწორობა არ არსებობს.

ტერმინი “გენდერული თანასწორობა” ამოსაღებია ხმარებიდან. მე ვთვლი, რომ თანასწორები ვართ. საკუთარ ოჯახში ვინ როგორ დაალაგებს სიტუაციას, ამაში ნუ ჩავერევით. ზოგან ქმარი იტყვის გადამწყვეტ სიტყვას, ზოგან მონეტას ააგდებენ, ზოგან შეთანხმდებიან. თუ ვინმეს გემოვნებაშია, რომ ქალმა იმღეროს პირველი ხმა, ეს მათი საქმეა. ახლა ქალთა მოძრაობა რომ შეიქმნა, მაგ ლოგიკით გამოდის, რომ მამაკაცთა მოძრაობაც უნდა შეიქმნას? ღიმილს იწვევს, არა? ისე, ეგ ორგანიზაცია მალე პოლიტიკურად თუ არ იქცევა, 100 ხინკალს ვიკისრებ. ვფიქრობ, ქალებმა საკუთარ თავში უნდა გადალახონ რაღაც წინააღმდეგობები და იყვნენ მეტად მიზანდასახულები. ისეც ნუ იზამენ, რომ ყველაფერში მამაკაცებს დაგვემსგავსონ, ცხოვრება აღარ იქნება საინტერესო. ალბათ სიმბოლურია, რომ ეს დანაპირები თამარობას შევასრულე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს!“- წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები