აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს 200-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, დონეცკში და ლუგანსკში 2014 წლის შემდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სულ მცირე 200 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ნემცოვის მკვლელობის შემდეგ ანგარიშზე მუშაობა მისმა თანამებრძოლებმა განაგრძეს.
ამ დასკვნის პრეზენტაცია დღეს მოსკოვში გაიმართება. ანგარიშში სახელწოდებით „პუტინი. ომი“ ნათქვამია, რომ ყველაზე დიდი დანაკარგები რუსეთის რეგულარულმა ჯარმა 2014 წელს ილოვაისკის კონტრშეტევის დროს განიცადა. ნემცოვის თანაგუნდელების ინფორმაციით, მაშინ 150 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს რუსი სამხედროების ნათესავებმა უამბეს. ამ მასალების მიხედვით, დაღუპული რუსი სამხედროების ნათესავებმა ორი მილიონი რუბლი მიიღეს და სანაცვლოდ ახლობლების დაღუპვის გარემოებების საიდუმლოდ შენახვის ვალდებულება აიღეს. კიდევ 70 რუსი სამხედრო დებალცევოსთან დაიღუპა.
ამ დროისთვის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუს სამხედროებს უკრაინაში გაგზავნამდე შეიარაღებული ძალებიდან ოფიციალურად უშვებდნენ და ამით დონბასის კონფლიქტში მათ მონაწილეობას მალავდნენ. ისინი უკრაინაში მოხალისეების სტატუსით მიდიოდნენ. მოხსენებაში ასევე მითითებულია, რომ უკრაინის აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებზე რუსეთის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი რუბლი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები