“არავისთან ომს არ ვგეგმავთ, ვემზადებით მშვიდობისთვის და ზუსტად ამისთვის გვჭირდება სიძლიერე ქართულ ჯარში”

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი მასშტაბური წვრთნები ტარდება საქართველოში – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების – “ღირსეული პარტნიორის” გახსნის შემდეგ განუცხადა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, მნიშნელოვანია, რომ ქართველ ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ამერიკული ტექნიკის გამოყენებით მიიღონ სწავლებაში მონაწილეობა.
“ვფიქრობ, ეს სწავლება რამდენიმე მიზეზით არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. პირველ რიგში, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ გვყავს არა მხოლოდ უბრალოდ პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით, არამედ ძალიან დიდი გულშემატკივარი და მეგობარი, რომელიც მზად არის, ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს ქართულ სახელმწიფოს გაძლიერებაში. მეორე – ეს არის აბსოლუტურად შეუცვლელი საშუალება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომ ამერიკელებთან ერთად, ამერიკული ტექნიკის გამოყენებით მიიღონ მონაწილეობა ამ წვრთნებში და მესამე – არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ღირსეული პარტნიორის ფარგლებში იქმნება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, გარდა ამ წვრთნებისა, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება იგეგმება, მათ შორის ნატო-საქართველოს წვრთნები, რომელშიც რამდენიმე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
“ასე რომ, ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ, ჩვენი ჯარის აღმშენებლობით სამხედრო შესაძლებლების განვითარების გზაზე. ჩვენ არავისთან ომს არ ვგეგმავთ, ჩვენ ვემზადებით მშვიდობისთვის და ზუსტად ამისთვის გვჭირდება სიძლიერე ქართულ ჯარში”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
კითხვაზე გამოიწვევს თუ არა აღნიშნული წვრთნები რუსეთის გაღიზიანებას, თინა ხიდაშელის თქმით, რუსეთი გაღიზიანებულია, რომ საქართველო საერთოდ არსებობს, ამიტომ ეს ფურცელი უნდა დავხუროთ.
“მე და თქვენ ახლა რა ენაზეც ვმეტყველებთ ეს უკვე საკმარისი საფუძველია რუსეთის გაღზიანებისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და არ არის საჭირო მისი გაფუჭება სხვა თემებზე ფიქრით”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება “ღირსეული პარტნიორი” ვაზიანის აეროდრომზე დღეს გაიხსნა და იგი 25 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები