დავით უსუფაშვილი: ნატო მეტი სითამამით უნდა უყურებდეს ნატოს გაფართოების არათუ პერსპექტივას, არამედ აუცილებლობას

რაც მოხდა და ხდება უკრაინაში, ყველაზე კარგი დასტურია იმისა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები კიდევ უფრო მეტი სითამამით უნდა უყურებდნენ ნატოს გაფართოების არათუ პერსპექტივას, არამედ აუცილებლობას, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმზე გააკეთა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით მეტი იმუშაოს და არგუმენტები კიდევ უფრო მეტად დაასაბუთოს.
“საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობის წარმომადგენლებს არ დაგვიმალავს, რომ ნატოს ეულსის სამიტიდან მეტს ველოდით, მაგრამ ახლა ჩვენ მობილიზებული ვართ იმის იმპლემენტაციაზე, რაც მივიღეთ. ამ პროცესში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია – მათ შორის, უშუალოდ ყოვლისმომცველი პაკეტის სხვადასხვა ღონისძიებებში მას კონკრეტული ფუნქციები დაეკისრა. გვსურს ვირწმუნოთ, რომ კითხვები, რომლებიც ძირითადად უკავშირდებოდა არა თავად საქართველოს მზაობას ნატოში სწრაფი ინტეგრაციისკენ, არამედ სხვა პროცესებს რეგიონში და მის მიღმა, იქნება ადეკვატურად შეფასებული, დასკვნები იქნება გაკეთებული არა იქეთკენ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად უნდა შეყოვნდეს, რადგან ეს რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის უფრო სწორია, არამედ პირიქით – პროცესი უნდა დაჩქარდეს. ეს უფრო ადეკვატური პასუხია იმ მოვლენების ფონზე რაც რეგიონში განვითარდა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები