დავით უსუფაშვილი ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში საჭიროა უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და ამ მიმართულებით ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გაზიარება. “გუშინდელი ტრაგედიის ფონზე ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა წარმოჩინდა. ასეთ დროს უფრო მეტად ვიწყებთ ფიქრს ისეთ საკითხზე, როგორიც არის უსაფრთხო გარემო – იქნება სახანძრო თუ ყველა სხვა ტიპის უსაფრთხოება. ევროპა, პირველ რიგში, ალბათ სწორედ ის არის, სადაც ძალიან დიდი რესურსი იხარჯება, რათა მსგავსი მოვლენები არ მოხდეს. ახლა არ ვისაუბრებ კონკრეტულ მოდელზე – უნდა იყოს ეს ადმინისტრაციული ხასიათის, თუ საბაზრო ეკონომიკურ ფაქტორებზე დაფუძნებული, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ჩვენ უცხოეთში ვმოგზაურობთ და სახანძრო სისტემებს ვხედავთ, მეც ბევრჯერ გამჩენია განცდა, ღირს კი ამდენი თანხის ხარჯვა ხანძრის მაქრობლებზე? გუშინ მივიღეთ პასუხი – დიახ, ღირს”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ქობულეთში მდებარე სასტუმრო “არმაზში” ხანძარმა სამი ბავშვი იმსხვერპლა. ტრაგედია გუშინ გამთენიისას მოხდა. რუსთავის ცეკვის ანსამბლი “სიხარული 2” ქობულეთში კონცერტის გასამართად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი იმ ოთახში დამონტაჟებული კონდიციონერების სადენებიდან გაჩნდა, რომელშიც დაღუპული ბავშვები იყვნენ დაბინავებული.