იემენში მაროკოს კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
იემენში ამბოხებულებმა საერთაშორისო არაბული კოალიციის შემადგენლობაში შემავალი მაროკოს F-16-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თვითმფრინავის დაკარგვის შესახებ მაროკოს შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს. ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეორე თვითმფრინავის პილოტმა F-16-ის ჩამოგდების მომენტი დააფიქსირა, თუმცა მან ვერ დაინახა, მოახერხა თუ არა მფრინავმა კატაპულტირება. ამჟამად მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამბოხებულმა ხუსიტებმა 5 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირეს. ეს ვადა მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად უნდა იყოს გამოყენებული. მიუხედავად ამისა, ე.წ. არაბული კოალიციის, კერძოდ კი საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალები იემენელი ამბოხებულების პოზიციების დაბომბვას განაგრძობენ.