მალაიზიის სანაპიროსთან ათასზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს
მაშველებმა მალაიზიაში ათასზე მეტი მიგრანტი ჩაიყვანეს. ისინი ბანგლადეშის და მიანმარის მოქალაქეები არიან. გადამყვანებმა ეს ადამიანები კუნძულ ლანგკავისთან მიატოვეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ეს ადამიანები სამი ნავით გადაადგილდებოდნენ. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, მალაიზიის და ინდონეზიის სანაპიროსთან მიგრანტებით დატვირთული კიდევ რამდენიმე ნავი შეიძლება იყოს. სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივი მეთევზეებიც მონაწილეობენ. მიგრანტების პრობლემა ბოლო დროს მწვავედ დგას ხმელთაშუა ზღვაშიც. ევროკავაშირის სპეციალურ სამიტზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საზღვრის დაცვის ოპერაციაზე ხარჯების გაზრდის თაობაზე და ამ მიზნებისთვის 120 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ.