ანგელა მერკელმა ყირიმის ანექსიას „დანაშაული“ უწოდა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა და ყირიმის ანექსიას „დანაშაული“ უწოდა.
მისი განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ სრულდება. მერკელის თქმით, მოსკოვის მოქმედებამ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები წარსულში დააბრუნა.
„ეს ძალზე სერიოზული დანაშაულია. ჩვენ ამას მივიჩნევთ ევროპაში საერთოდ აღიარებული მშვიდობის სტანდარტის დარღვევად. ამასთანავე, ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კონფლიქტი, რაც არ უნდა რთული იყოს ის, მშვიდობიანი გზით, დიალოგით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა მერკელმა.
უკრაინაში სიტუაციის კომენტირებისას, მერკელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ სრულდება. „ძალზე ბევრი დარღვევა შეინიშნება სეპარატისტების მხრიდან“, – განაცხადა მერკელმა. ვლადიმერ პუტინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები