შვეიცარიაში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
ხუთი ადამიანი დაიღუპა შვეიცარიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ვიურენლინგენში. ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა Aargauer Zeitung-ი პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. სროლის შესახებ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში პოლიციას ადგილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა და „სასწრაფოს“ ბრიგადამ ხუთი გვამი აღმოაჩინეს. პოლიცია მომხდარის ტერორიზმთან კავშირს უარყოფს. გამოძიების ვერსიით, დანაშაული ოჯახური კონფლიქტის შედეგად მოხდა. კერძოდ, ერთმა პირმა ოთხი ადამიანი მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ქალაქი ვიურელინგენი ციურიხიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.