ფრანსუა ოლანდი კუბაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ჰავანაში ჩავიდა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ოლანდო კუბის ლიდერთან რაულ კასტროსთან შეხვედრას გამართავს. სააგენტოს ინფორმაციით, ის კუბაში მხოლოდ ერთ დღეს გაჩერდება. ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პირველი პრეზიდენტია 100 წლის განმავლობაში, რომელიც კუბაში ჩავიდა. ის ასევე დასავლეთის პირველი ლიდერია, ვინც ჰავანაში 2014 წლის დეკემბრის შემდეგ ჩავიდა, როდესაც კუბამ და აშშ-მ ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ განაცხადეს. საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერებისკენ არის მიმართული.